საქართველოს საბანკო ასოციაცია მუდმივად დაიცავს მისი წევრი ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, - ასე ეხმაურება საქართველოს საბანკო ასოციაცია „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას.
როგორც ასოციაციაში მიიჩნევენ, მსგავსმა კამპანიამ შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია, ასევე, მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
„საქართველოს საბანკო სექტორი გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით და წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტს. საფინანსო სექტორის გამჭვირვალობის მაღალი დონე, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მუდმივად პოზიტიური შეფასებები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების/ინვესტორების სექტორში აქტივობა ადასტურებს სანდოობის მაღალ ხარისხს.
ბოლო პერიოდში "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენების არასწორმა ინტერპრეტაციამ და საზოგადოების მაღალი ინტერესით სპეკულირებამ შეიძლება დააზიანოს როგორც რეალური ინფორმაციის სწორად აღქმის პროცესი, ასევე შექმნას არასწორი მოლოდინები პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით.
საბანკო სექტორი მუდმივად იმყოფება ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო აუდიტორების, სარეიტინგო კომპანიების და ინვესტორების მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც "თიბისი ბანკის", ასევე მთლიანი საბანკო სექტორის მაღალ სტაბილურობას და მდგრადობას.
საქართველოს საბანკო ასოციაცია მუდმივად დაიცავს მისი წევრი ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია ასევე მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - აცხადებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში.