9 იანვარს, მას შემდეგ რაც ლონდონის საფონდო ბირჟა გაიხსნა, „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი 1.61%-ით დაეცა.
კერძოდ, გახსნისას აქციის ფასი 15 გირვანქა სტერლინგი იყო, ამ ეტაპზე კი 14,64 გირვანქა სტერლინგია. სპეციალისტებს უჭირთ, კონკრეტული მიზეზის თქმა თუ რა გახდა დილიდან ბანკის აქციების ფასის ვარდნის მიზეზი, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა, ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და მიმდინარე გამოძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ფაინექს 1970"-ის ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ განუცხადა, ბანკის მიმართებით გაჟღერებული ბრალდებები და მიმდინარე გამოძიება გავლენას იქონიებს და ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი გახდება, რის გამოც მისი აქციების ფასი დაეცემა. თუმცა, უჭირს იმის თქმა, თუ რამდენად გახდა ეს ინფორმაცია უკვე დღეს აქციებზე ფასის ვარდნის მიზეზი და აღნიშნავს, რომ საფონდო ბირჟაზე დაახლოებით, ბოლო 3 თვეა არამარტო „თიბისის“, არამედ „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასიც დაღმავალია.
„ამ ეტაპზე არ შეინიშნება რომ აქციებზე ფასების დაცემით, დეპოზიტების მეპატრონეებს რაიმე საშიშროება ემუქრებათ. თუმცა, ბანკის აქციების ფასის დაცემა, რა თქმა უნდა, შეამცირებს მის კაპიტალიზაციას, ინვესტორების თვალში მიმზიდველობას, ასევე შეიცვლება საკრედიტო კოეფიციენტები. „თიბისი ბანკი“ როგორც იღებდა იმ მოცულობით სესხებს, ვეღარ აიღებს და ეს ბანკის მიერ გაცემული სესხების რაოდენობაზეც აისახება. ამასთან, თუ ბანკს ინვესტიცია არ ექნება და მისი კაპიტალიზაცია შემცირდება, ეს მცირე გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზეც მოახდენს,“-განაცხადა შენგელიამ.