"ქსელებში „ტამიფლუს“ ფასი 68 ლარია, აპელირება იმაზე, რომ კომპანიები ამ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, „შავი პიარია“

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ გრიპისა და გაციების მედიკამენტების დეფიციტის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება.

რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, ასოციაციის განცხადებით, არც ამ პრეპარატის დეფიციტი შეინიშნება. გარდა ამისა, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება.

ასევე, მიუღებელია გარკვეული ჯგუფების მცდელობა ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შეეცადონ შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.

გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ და მისი წევრები გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, გრიპისა და გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,” - ნათქვამია განცხადებაში.