მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში ამ დრომდე მხოლოდ ერთი პრეტენდენტის განაცხადია შესული

მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტზე, მათ შორის, ლიცენზირებულ თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად გამოცხადებული აუქციონის დასრულებამდე 14 დღე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე აუქციონში მონაწილეობის ინტერესს მხოლოდ ერთი მსურველი გამოხატავს და მანაც, თავისი შეთავაზება 27 დეკემბერს, აუქციონის პირველადი ვადის დასრულების წინა დღეს წარადგინა. არადა თბილისის მერის მოადგილემ, აუქციონის ვადის გახანგრძლივების მიზეზად ის დაასახელა, რომ თითქოსდა აუქციონში მონაწილეობის ინტერესი პირველად ვადაში არავინ გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი 2018 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა. თავიდან აუქციონში მონაწილეობისთვის მერიამ კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი - 9 დღე განუსაზღვრა, საიდანაც ორი დღე უქმე იყო.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ბიზნესპრესნიუსმა“ აღნიშნული აუქციონის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სფეროს სპეციალისტებმა აუქციონის პირობები გააკრიტიკეს. აუქციონში მონაწილეობისთვის განსაზღვრული მოკლე ვადების გარდა, რა დროშიც სპეციალისტების შეფასებით ვერც ერთი კომპანია ვერ შეძლებდა ბაზრის შესწავლას და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებას - უღირდა თუ არა ამ აუქციონში მონაწილეობა, სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს შეკითხვები აქვთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასთან, რომელიც ერთვის აუქციონის პირობებს და სადაც არაფერია ნათქვამი მუნიციპალურ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების ფასებთან, რაოდენობასთან და სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს მერიის მხრიდან კერძო კომპანიისთვის რეკლამის ექსკლუზიური უფლების გადაცემის საკმაოდ ხანგრძლივი - 20 წლიანი ვადა და ასეთი ხანგძლივი პერიოდისთვის განსაზღვრული საკმაოდ მცირე საწყისი საპრივატიზებო საფასური - 11 847 124,99 ლარი.

მერიის დაპირებით მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება მათ უახლოეს პრიორიტეტულ გეგმებში შედის და შესაბამისად ამ სფეროს მიმზიდველობა, მათ შორის რეკლამის განთავსების თვალსაზრისით სულ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, სპეციალისტებისთვის გაუგებარია, რატომ ამბობს თბილისის მერია უარს საკმაოდ დიდ შემოსავლებზე, რომელიც ქალაქმა ამ სფეროდან შესაძლოა უახლოეს წლებში მიიღოს და ამისთვის საჭიროა რეკლამის ექსკლუზიური უფლება კერძო კომპანიას გონივრული ვადით გადასცეს.

თაია არდოტელი
არასამთავრობოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის გამო, პროკურატურას და სასამართლოს მიმართავენ
„თუ კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონისთვის ერთ კვირაში მოასწრო მომზადება, ეჭვი ჩნდება, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია“