საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება გარდაუვალი და საჭიროა.
ფარესიშვილის აზრით, ქვეყანაში დღეს მოქმედი საპენსიო სისტემის (რომელსაც რეალურად სოციალური შემწეობის სახე აქვს) შენარჩუნება დაახლოებით 10 წლის შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება იმ დემოგრაფიული ტენდენციებიდან გამომდინარე, რომლებიც ქვეყანაში არსებობს.
„საქართველოს მოსახლეობის დაბერება მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამჟამად რეპროდუქციის ასაკში შედის გასული საუკუნის 90-იან წლებში დაბადებული თაობა, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებდა სამოქალაქო ომი და ეკონომიკური კრიზისი და აქედან გამომდინარე შობადობა იყო ძალიან დაბალი, ხოლო ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება უაღრესად მაღალი, ძალიან მალე დარჩენილი შრომისუნარიანი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები აღარ ეყოფა გაზრდილი რაოდენობის პენსიონერებისთვის განკუთვნილი საპენსიო თანხების გადახდას. ასეთ სიტუაციას ვერ დააბალანსებს მომავალში ეკონომიკის ზრდის ვერანაირი ტემპი, რომელიც გონივრულობის ფარგლებში შეგვიძლია ვივარაუდოთ საქართველოში.
არსებული სოციალური საპენსიო სისტემა ასევე არის არასამართლიანი, ვინაიდან იგი არ განასხვავებს იმ პირებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდნენ და პატიოსნად იხდიდნენ გადასახადებს იმ პირებისგან, რომლებიც არ მუშაობდნენ, არ ქმნიდნენ არანაირ მატერიალურ დოვლათს და არ იხდიდნენ გადასახადებს. დღეს მოქმედი სოციალური პენსია ყველასთვის არის თანაბარი, რაც არასწორია და უსამართლობის გრძნობას აჩენს. სწორედ დაგროვებითი საპენსიო სისტემა იძლევა საშუალებას დასაქმებულმა ადამიანმა მიიღოს იმაზე უკეთესი პენსია, ვიდრე არსებული საპენსიო მოდელით მიიღებდა, თავისი საკუთარი, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების ხარჯზე.
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში აკუმულირებულ თანხებს სახელმწიფო განკარგავს და აქედან გამომდინარე, არსებობს მათი არამიზნობრივად გამოყენების და დაკარგვის რისკი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცალსახად წერია, რომ სახელმწიფო არ და ვერ ჩაერევა საპენსიო დანაზოგების მართვაში და ამ საქმეს ანდობს დამოუკიდებელ და პროფესიონალ აქტივების მმართველ კომპანიებს, რომლებიც დაგროვილ თანხებს განათავსებენ ფასიან ქაღალდებში და სხვა ლიკვიდურ ფინანსურ ინსტრუმენტებში. კანონი მკაცრად არეგულირებს იმ საინვესტიციო კრიტერიუმებს და დასაშვებ რისკებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ აქტივების მმართველებმა თავიანთი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას. მათ ქმედებებს გააკონტროლებენ საპენსიო სააგენტო და საქართველოს ეროვნულ ბანკი, ხოლო საპენსიო ფონდის აქტივები შეინახება აქტივების მმართველებისგან და სახელმწიფოსგან განცალკევებულად, სპეციალიზირებულ დეპოზიტარში, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკაში არის მიღებული. კანონი და კანონქვემდებარე აქტები ასევე უზრუველყოფს, რომ საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულების შეფასება მოხდება აქტივების მმართველებისგან და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად“, - აცხადებს გიორგი ფარესიშვილი.
მისივე თქმით, ასევე დაუსაბუთებელია საპენსიო რეფორმის კრიტიკოსების მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მომავალი პენსიის ოდენობა ან საინვესტიციო რისკები იყოს გარანტირებული სახელმწიფოს მიერ.
„ურისკო ინვესტიცია არ არსებობს და მსოფლიოში არსად სახელმწიფო არ გასცემს მსგავს გარანტიებს იმ პირობებში, როდესაც ის თავად არ განკარგავს თანხებს და მათი ინვესტირება ხდება საფონდო ბაზარზე. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ საფონდო ბაზრებს ახასიათებთ მერყეობა, რაც დაკავშირებულია ეკონომიკურ ციკლებთან და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებულ სიტუაციასთან, რომელიც ასევე ცვალებადია და არ ექვემდებარება რომელიმე ერთი ქვეყნის მთავრობისგან კონტროლს. თუმცა საფონდო ბაზრების ისტორიული ანალიზი აჩვენებს, რომ ფასების გრძელვადიანი ტენდენცია არის აღმავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო დანაზოგები, რომლებიც თავიანთი შინაარსით გრძელვადიან (30 და მეტი წლის ვადით) დანაზოგებს წარმოადგენენ, გრძელვადიან პერსპექტივაში დაცულია მნიშვნელოვანი დანაკარგებისგან.
ცალკეული პირები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში დაგროვებითი პენსიის მოსალოდნელი ოდენობა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ უზრუნველყოს მომავალი პენსიონერების „ღირსეული“ სიბერე. ეს პირველ რიგში გამოიხატება ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტით, რომელიც წარმოდგენს დასაქმებულის პენსიის შეფარდებას მის ხელფასთან. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით მოსალოდნელი ჩანაცვლების კოეფიციენტი შეადგენს 30-35%-ს, ხოლო სოციალური პენსიის გათვალისწინებით (რომელიც არ უქმდება და ძალაში რჩება) 50-55%, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპის ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში აღნიშნული კოეფიციენტი 70-75%-ს აღწევს. დასავლეთ ევროპაში არსებულ ჩანაცვლების კოეფიციენტთან შედარება არასწორია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში როგორც ცხოვრების დონე, ასევე საპენსიო შენატანების ოდენობა გაცილებით ჩამოუვარდება დასავლეთ ევროპისას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ამჟამად არსებული ჩანაცვლების კოეფიციენტი დაახლოებით 19%-ს შეადგენს და საპენსიო რეფორმის შედეგად მისი 2.5-ჯერ ზრდა უდავოდ მისასალმებელია.
რაც შეეხება იმას, წარმოადგენს თუ არა საპენსიო შენატანი თავისი შინაარსით გადასახადს გამომდინარე იქიდან, რომ 40 წლამდე ადამიანებისთვის ის არის სავალდებულო. პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ საპენსიო შენატანი არ აკმაყოფილებს გადასახადის კრიტერიუმებს, ვინაიდან არ წარმოადგენს „...უპირობო ფულად შენატანს ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე“. მისი გადახდა ხდება არა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამედ საპენსიო სქემაში ჩართული თითოეული ადამიანის პირად დაგროვებით საპენსიო ანგარიშზე, რომელიც თავისი არსით დიდად არ განსხვავდება პირადი საბანკო ანგარიშისგან. მეორე რიგში ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით და ორგანული კანონით ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, საპენსიო შენატანები არ წარმოადგენს გადასახადს. აქედან გამომდინარე არასწორია მოსაზრება, რომ საპენსიო შენატანი წარმოადგენს გადასახადს და მაშასადამე არაკონსტიტუციურია.
დასაქმებულის კუთხიდან თუ შევხედავთ, შემოთავაზებული დაგროვებითი საპენსიო სქემა წარმოადგენს პირადი დანაზოგის ინვესტირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას გამდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად ხდება დასაქმებულის მიერ ინვესტირებული თანხის მყისიერი გასამმაგება დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანების ხარჯზე. ამასთან არ იბეგრება არც საპენსიო შენატანები, არც მათი რეინვესტირების შედეგად მიღებული მოგება და არც გაცემული პენსია, რაც მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილი მოდელებიდან ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ საპენსიო მოდელს წარმოადგენს.
დასასრულს დავძენ, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები წარმოადგენენ გრძელვადიანი ლარის რესურსის, როგორც საინვესტიციო კაპიტალის, მობილიზების და ეკონომიკაში პროფესიონალურად და მომგებიანად რეინვესტირების საუკეთესო საშუალებას, რითაც პირდაპირ სარგებელს მიიღებენ როგორც დამსაქმებლები (განვითარებული კაპიტალის ბაზრის და გაიაფებული და ადვილად ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსის სახით), ასევე დასაქმებულები. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ქვეყნის განვითარების და წინსვლის საწინდარია“, - განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.