უცხოური ვალუტით სესხის გაცემისას არსებული რისკების შესახებ ჩანაწერის გაკეთება ხელშეკრულებაში სესხის გამცემ სუბიექტებსაც მოუწევთ

ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში გარკვეული ცვლილებების შეტანას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტი სებ-მა გასული წლის მიწურულს გამოაქვეყნა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ცვლილებების მიზანი საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვა და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

აღსანიშნავია, რომ დებულების დამტკიცების შემდეგ მისი მოთხოვნები ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტისთვის გახდება სავალდებულო.

„იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება კრედიტის გაცემას უცხოური ვალუტით ითვალისწინებს, საფინანსო ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“. აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს“. დებულების ამოქმედების შემდეგ ეს მოთხოვნა სესხის გამცემ ყველა სუბიექტს შეეხება,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, სებ-ის მიერ შემუშავებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" შესატანი ცვლილებების პროექტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიაა, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შესაძლოა, შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.

თაია არდოტელი
2018 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდომ 11.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -23.1 მლრდ დოლარი შეადგინა
ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საკვებ პროდუქტებზე მოხდა