2019 წლის იანვრიდან საქართველოში დაგროვებთითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, რომელსაც ბიზნესისა თუ სამოქალაქო სექტორის მხრიდან კრიტიკაც მოჰყვა. საპენსიო სისტემას “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „ბანკები და ფინანსებთან“ ინტერვიუში აფასებს.
მისი თქმით, „არცერთ ბიზნესს არ უხარია, როდესაც გადასახადები პირდაპირ ან ირიბად ეზრდება, მაგრამ არ შეიძლება დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ არსებობდეს ქვეყანაში“.
„საკმაოდ დიდი ხანია რაც საპენსიო რეფორმაზე მიმდინარეობს საუბარი და ერთხელ და სამუდამოდ ეს რეფორმა უნდა გატარებულიყო საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მოხდეს ამ რეფორმის გაშუქება და ინფორმაციის მიწოდება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, რადგან მაქსიმალურად შემცირდეს ის კითხვები, რომელიც დღეს მის გარშემო არსებობს. ზოგადად, როდესაც რაიმე ახალი რეფორმის გატარება იგეგმება, მით უმეტეს ასეთი მასშტაბური რეფორმის, უნდა იყოს უფრო მეტი პიარი, მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ბიზნესთან. შეკითხვები ნამდვილად არსებობს, გამორიცხულია, რომ ისინი არ იყოს, გამოჩნდებიან ამ რეფორმის მოწინააღმდეგე ადამიანებიც, მაგრამ ძალიან ბევრი ოპონენტი არის მაშინ, როდესაც მათ სათანადო ინფორმაცია არ აქვთ. რაც შეეხება ბიზნესის მხრიდან კრიტიკას, არცერთ ბიზნესს არ უხარია, როდესაც გადასახადები პირდაპირ ან ირიბად ეზრდება, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ყველა ვართ ადამიანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყველას მოგვიწევს საპენსიო ასაკი, ამიტომ ვფიქრობ ეს რეფორმა აბსოლუტურად გამართლებულია და არ შეიძლება დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ არსებობდეს ქვეყანაში,“-აცხადებს ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი იანვრიდან სისტემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც კანონის ამოქმედებამდე ანუ 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ ავტომატურად გაწევრებიდან მაქსიმუმ 5 თვის ვადაში, ოღონდ არა უადრეს 3 თვისა. ანუ 2019 წლის აპრილსა და მარტში.
40 წლამდე დაქირავებით დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა, ხოლო 40 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ასევე თვითდასაქმებულებისთვის ნებაყოფლობითია.
რაც შეეხება საპენსიო შენატანს ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ია. ამასთან, დამსაქმებელიც ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს ხელფასის 2% და სახელმწიფოც იღებს ვალდებულებას, იმავე ანგარიშზე ასევე ხელფასის 2% გადარიცხოს - თუ დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი წელიწადში 24.000 ლარს არ აღემატება. თუ შემოსავალი 24.000-დან 60.000 ლარამდეა, სახელმწიფო 1%-ს ჩარიცხავს, ხოლო თუ დასაქმებულის წლიური დასაბეგრი შემოსავალი 60.000 ლარზე მეტია, მაშინ არაფერი ჩაირიცხება.