ნავთობმა ახალი კვირა გაიაფებით დაიწყო

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა თავისი ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, ნავთობის ფასმა კლება განაახლა და 60 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა. ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის მეორე უდიდესი მომხმარებელია. იმპორტ-ექსპორტის მოცულობის შემცირება კი იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკა შეფერხდა და შესაბამისად, ნავთობის მოხმარება მცირდება.

დეკემბერში ექსპორტი, ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მეტად შემცირდა. დაიკლო იმპორტმაც. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა დასუსტდა. ყველაფერი დიდწილად, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვის შედეგია. ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 50 ცენტით, 59.98 დოლარამდე შემცირდა. დღის განმავლობაში ის უფრო დაბლაც, 59.37 დოლარამდე იყო დაწეული. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასმა კი 41 ცენტით, 51.18 დოლარამდე დაიკლო.

შვეიცარიულ ბანკ „ჯულიუს ბაერის“ მიკრო და სასაქონლო ბაზრების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნორბერტ როეკერი ამბობს, რომ ჩინეთის ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლებმა, მოლოდინი არ გაამართლა და მსოფლიო ეკონომიკის შესაძლო შენელების შიშის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

საბროკერო კომპანია „ოანდას“ ანალიტიკოსის სტივენ აინსის განცხადებით, ნავთობზე მოთხოვნა და შესაბამისად, მისი ფასი კლებულობს, როგორც კი ეკონომიკის შეფერხების საშიშროება ჩნდება. ჩინეთის ვაჭრობის სტატისტიკა პირდაპირ ასახავს მასზე სავაჭრო ომის ზემოქმედებას. ეს კი უარყოფითად მოქმედებს გლობალურ ეკონომიკაზე და მის პერსპექტივებზე.

ვაჭრობის მონაცემების გაუარესების ფონზე, ჩინეთში ნავთობპროდუქტების მოხმარება არ მცირდება. უფრო მეტიც, როგორც „როიტერსის“ კვლევა აჩვენებს, ჩინეთმა შარშანდელ დეკემბერთან შედარებით, ნავთობის იმპორტი დაახლოებით 30 პროცენტით გაზარდა. ნავთობის ფასის კიდევ უფრო მკვეთრად შემცირებას ხელს უშლის ის გარემოება, რომ OPEC-მა ბაზარზე მიწოდება შეკვეცა, რითაც მოთხოვნა-მიწოდებას შორის სხვაობა დააბალანსა.

„რეზონანსი" - ნავთობი დიდი ხანი აღარ გაძვირდება