მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან უცხოელს, რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე შედის, 90 ევროს ოდენობის დღიური თანხა უნდა ჰქონდეს თან, რაც საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო სამსახურის მოთხოვნით უნდა წარადგინოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა legalteam.es-ი ავრცელებს. აღნიშნული რეგულაცია მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ. შეგახსენებთ, რომ ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება.
თუმცა, სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, დღეში 50 ევროს არ აღემატება. დღიური სახარჯი თანხის გაზრდასთან დაკავშირებით, ესპანეთში გადაწყვეტილება გასული წლის 21 დეკემბერს მიიღეს, როდესაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მინიმალური ხელფასის ოდენობა 900 ევრომდე გაზარდა. რეგულაციის თანახმად, ესპანეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას მესამე ქვეყნის მოქალაქეების დღიური სარჩენი თანხა მინიმალური ხელფასის 10%-ს უნდა შეადგენდეს. ცნობისთვის, 2018 წელს აღნიშნული თანხის ოდენობა 73,69 ევროს შეადგენდა.