„გზისთვის უვარგისად აღიარებული ავტომობილები „ძებნაში გამოცხადებულად“ ცხადდება“.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა.
ცნობისთვის, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება 21 276 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც გამართულად ჩაითვალა 11 666 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზდა 9,613 ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო განმეორებით დახარვეზდა 189. 75 ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
„ინსპექტირებაზე დახარვეზებული ავტომობილები ავტომატურად ჯდებიან გაუმართავებში, უბრალოდ იქ თუ არის მითითებული ვადა, ამ 30 დღეში მათ უფლება აქვთ შეაკეთონ ავტომობილი და ხარვეზი გამოასწორონ.
არსებობს ასევე სტატუსი - „გზაზე გადაადგილება ეკრძალება“, რომელსაც ინსპექტირების ცენტრი განსაზღვრავს და ანიჭებს ავტომობილს. ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ბაზაში როგორც ძებნის სტატუსის მქონე აისახება და მათ შემთხვევაში ცალკე ადმინისტრირების მექანიზმი მოქმედებს. პატრულისთვის ასეთი ავტომობილები არის როგორც „ძებნაში გამოცხადებული ავტომობილები“, რომელთა ქუჩებში გადაადგილებაც მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ისინი ან ევაკუატორით უნდა გადაადგილდებოდეს ან საერთოდ არ მოძრაობდეს. თუ საპატრულო ეკიპაჟი ასეთ ავტომობილს აღმოაჩენს, მას სავარაუდოდ საჯარიმოზე გადაიყვანს,“-აღნიშნავს იორდანიშვილი.