დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულმა ორივე პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა უკვე დატოვა.
როგორც ღუდუშაურის კლინიკიდან იუწყებიან, აფეთქების შემდეგ მათ კლინიკაში ორი პაციენტი იყო მოთავსებული, რომელთაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.
„დაშავებულებს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ და რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ კლინიკიდან გუშინვე გაეწერნენ“, – განაცხადეს ღუდუშაურის საავადმყოფოში.
რაც შეეხება დაშავებულ ბავშვებს, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც იაშვილის კლინიკაში განაცხადეს, მათთან შემთხვევის შედეგად მოთავსებული 5 ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს. საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ოპერაციის შემდგომი დაკვირვების ქვეშ 4 წლისა და 6 თვის გოგონა რჩება. მას ოპერაცია თავზე ჩაუტარდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პატარა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია. ასევე, დაშავდა 8, მათგან 6 მცირეწლოვანია.