„ქალაქი ნაღმზე ზის - კომპანიებმა მოსახლეობისთვის უსაფრთხო გაზმომარაგება უნდა უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ გვექნება აფეთქებები“.
ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო სიმონიშვილი “კვირის პალიტრასთან“ ჯერ კიდევ გასულ წელს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს საუბრობდა და ხელისუფლებას არსებული საფრთხის შესახებ აფრთხილებდა.
თუმცა, გუშინ კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა თბილისში. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა, სპეციალისტების თქმით, ვერავის ბრალეულობა ვერ დადგება, რადგან გაზმომარაგების სისტემა ქვეყანაში კანონისა და რეგულაციების მიღმაა, შესაბამისად, არავინ არის უსაფრთხო გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელი და აფეთქების რისკის ქვეშ, ფაქტობრივად, მთელი თბილისი დგას.
როგორც სიმონიშვილი 2018 წლის ნოემბერში „კვირის პალიტრასთან“ აცხადებდა, ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მიწერა პარლამენტს, ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვის მინისტრს. ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მოადგილესაც ყველაფერი დეტალურად აუხსნა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა.
„ქალაქში გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს. მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა - არასდროს დაგმანონ შენობაში ყველა ფანჯარა და კარი. თუ სახლში ჰაერი არ შემოდის, დიდ საფრთხეს უქმნით თქვენს თავს. თვით გაზი მომწამვლელი არ არის, მომწამვლელია და კლავს წვის პროდუქტი, გამონაბოლქვი. ამიტომ, თუ სარკმელი ოდნავ მაინც გაქვთ გამოღებული, ის არც აფეთქდება და არც მოგწამლავთ. აფეთქება შესაძლოა გამოიწვიოს დახურულ შენობაში როგორც მიწისქვეშა, ისე გაზის ხელსაწყოდან გაჟონვამ. სადღაც ახლოს შესაძლოა მიწისქვეშა გაჟონვა იყოს და გაჰყვეს ტელეფონის კაბელს ან კანალიზაციის მილს, დაგროვდეს, მაგალითად, ტუალეტში... თუ გაზს საკმარისი ოდორიზაცია არა აქვს, ადამიანი საეჭვოს ვერაფერს იგრძნობს, აანთებს შუქს და ტუალეტში დაგროვილი გაზი აფეთქდება.
„ქალაქი ნაღმზე ზის. თავდაცვის სამინისტროსთან ავტოგასამართი სადგური დგას გაზის მილზე, რომლიდანაც ჟონავს. თამარ მეფის ხიდთან, მარჯვენა სანაპიროზე, აკადემქალაქის მიმდებარე ესტაკადამდე, მთელი მონაკვეთის ქვეშ მიწისქვეშა გაზგაყვანილობის მილებიდან ჟონავს ბუნებრივი აირი. ასე რომ, პრობლემის მოგვარება კანონმდებლობიდან უნდა დავიწყოთ. უნდა გაჩნდეს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ კომპანიებმა მოსახლეობისთვის უზრუნველყონ არა მხოლოდ უწყვეტი, არამედ უსაფრთხო გაზმომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ გვექნება აფეთქებები, მსხვერპლიც და კვლავაც არავის მოეთხოვება პასუხი,“-აცხადებდა სიმონიშვილი.