გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება.16 იანვარს დიღომში მომხდარი აფეთქება კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 დაშავდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გათავაზობთ ბოლო წლებში, საქართველოში გაზით მომხდარი აფეთქებების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს:
დიღომში დატრილებული ტრაგედიის პარალელურად, გუშინვე აფეთქება მოხდა გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპურსში, რომელიც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მამაკაცმა დამწვრობა მიიღო. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
გასული წლის ნოემბერში აფეთქება მოხდა ფონიჭალაში, რა დროსაც დედა და მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.
2018 წლის დეკემბერში აფეთქება მოხდა სოფელ დიღომში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში, რომლის შედეგად ორი პირი დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად აქაც ბუნებრივი აირი დასახელდა, თუმცა უცნობია, რამ გამოიწვია გაზის დაგროვება, რადგან აღნიშნულ სახლში გაზი საერთოდ არ იყო შეყვანილი. მაშინ ითქვა, რომ გაჟონვა იმ მილებიდან მოხდა, რომელიც სახლთან ახლოს გადიოდა.
2017 წლის მარტი - აფეთქება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სადაც მძიმე დამწვრობა ახალგზარდა მამაკაცმა მიიღო. აფეთქების სავარაუდო მიზეზი, ასევე გაზის გაჟონვა იყო.
2017 წლის იანვარში, ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთების შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
2017 წლის 30 აგვისტო - თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ასევე ბუნებრივი გაზის გაჟონვას უკავშირდება. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
2016 წლის 25 თებერვალს გლდანში, ერთ-ერთ საშაურმეში მომხდარი აფეთქების მიზეზით ოთხი ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
2015 წლის აპრილში აფეთქება მოხდა გლდანში. კერძოდ, მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.
2015 წლის ივლისი - გლდანის მე-6 მიკრორაიონში მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გამათბობლის არასწორად დამონტაჟება გახდა.
ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ტრაგიკული შემთხვევებისა, რომელიც ბოლო წლებში გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. დაისაჯა თუ არა ვინმე ამ ფაქტების გამო, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალაქში და ზოგადად, ქვეყანაში ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში გაზგაყვანილობის სისტემები იმ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით დამონტაჟდეს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. ტრაგიკულ ფაქტებზე კი, დამნაშავემ პასუხი აგოს.