„პასუხისმგებლობა ბევრს აკისრია…“- ასე გამოეხმაურა დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარ აფეთქებას „ყასტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო სიმონიშვილი რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.
„უამრავი შეკითხვაა. შენობა ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული და რატომ მიეწოდებოდა გაზი?! რატომ გაჟონა ბუნებრივმა აირმა ან ვინ დაამონტაჟა? შეიძლება მონტაჟი სწორად გაკეთდა, მაგრამ რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ვინმემ მილი დააზიანა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ გაზს ზედმეტად მძაფრი სუნი აქვს, ხოლო ზოგჯერ არა, რადგან იგივე ქსელი კვებავს იმ სადგურებსაც, სადაც გაზზე მომუშავე ავტომობილებს ტუმბავენ და ისინი ითხოვენ, რომ სუნი არ ჰქონდეს. ის ინფორმაციაც ვრცელდება ხოლმე, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციას აქვს აპარატი გაფუჭებული, რომელიც გაზის ოდორიზაციას ახდენს (სწორედ ოდორიზაცია აძლევს სუნს გაზს) და ხან მეტი სუნი აქვს ბუნებრივ აირს, ხან ნაკლები. შესაბამისად, გაზის კომპანიებიც მიეჩვივნენ, რომ გაზის გაჟონვა შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ თუ ოდორანტი ნორმაზე მეტია, სუნს მაინც ძლიერად აყენებს. ამიტომ ადგილზე მისვლისას რაღაცას შეამოწმებენ და ფიქრობენ, რომ ოდორანტის ბრალი იქნება. მოქალაქეთა გამოძახების შემდეგ შემთხვევის ადგილზე სპეციალური აპარატურით რომ მისულიყვნენ, რომელიც პროცენტულობას აჩვენებს თუ რამდენია მეთანის კონცენტრაცია, 100%-ით იპოვიდნენ პრობლემას,“-აღნიშნა სიმონიშვილმა „საქმეში“.
მისივე თქმით, წლების წინ, როდესაც „ყაზტრანსგაზ თბილისში“ მუშაობდა, თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ლაბორატორია შექმნა, თუმცა, სიმონიშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ სად არის ახლა ეს ხელსაწყოები და რატომ ხდება გაზის გაჟონვის დადგენა - საუკუნის წინანდელი მეთოდით - ქაფის გამოყენებით.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა, სპეციალისტების თქმით, ვერავის ბრალეულობა ვერ დადგება, რადგან გაზმომარაგების სისტემა ქვეყანაში კანონისა და რეგულაციების მიღმაა.