„შემთხვევის ადგილზე სპეციალური აპარატურით რომ მისულიყვნენ, 100%-ით იპოვიდნენ პრობლემას“ - ამის შესახებ, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, წლების წინ, როდესაც „ყაზტრანსგაზ თბილისში“ მუშაობდა, თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი დიაგნოსტიკური ლაბორატორია შექმნა, თუმცა, სიმონიშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ სად არის ახლა ეს ხელსაწყოები და რატომ ხდება გაზის გაჟონვის დადგენა - საუკუნის წინანდელი მეთოდით - ქაფის გამოყენებით.
„ქაფი მშვენიერი საშუალებაა, მაგრამ როდესაც მე ვმუშაობდი კომპანიაში, დიაგნოსტიკური ლაბორატორია შევქმენი, რომელიც შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. არაჩვეულებრივი აპარატურა ჩამოვიტანეთ, რომელიც დისტანციურად პოულობს გაჟონვას. საუბარია, ლაზერულ ხელსაწყოებზე, რომელიც 20-25 მეტრის მანძილზე პოულობს გაჟონვას. სად არის ახლა ეს ხელსაწყოები არ ვიცი,
არც ის ვიცი კორპუსში გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა გამოძახების შემდეგ, ვინ იყო შემოწმებაზე მისული. შესაძლოა, ადგილობრივი ბიზნესცენტრის წარმომადგენლობა იყო და არა იმ დიაგნოსტიკური ცენტრის. თუ ადგილზე რატომღაც არ ჰქონდათ შესაბამისი აპარატურა, მაშინ დიაგნოსტიკური ცენტრის ხალხი უნდა გამოეძახათ, რომლებიც 100%-ით იპოვიდნენ და მოაგვარებდნენ პრობლემას. მათ ამერიკული ტრენინგები აქვთ გავლილი და შესანიშნავად იციან, როდის რა უნდა გააკეთონ,“- აღნიშნა სიმონიშვლმა.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ვერავის ბრალეულობა ვერ დადგება, რადგან გაზმომარაგების სისტემა ქვეყანაში კანონისა და რეგულაციების მიღმაა.