ენერგეტიკოს გია არაბიძის თქმით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება რადიკალურად არ განსხვავდება ზემო ფონიჭალაში, ნოემბრის თვეში მომხდარი ავარიისგან, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ ენერგეტიკოსმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში ისაუბრა.
"ეს ავარია რადიკალურად არ განსხვავდება ფონიჭალაში მომხდარი ავარიისგან. გაზის აფეთქება ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დახურულ სივრცეში გაზის კონცენტრაცია 9%-ის ფარგლებშია. ეს კონცენტრანცია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აფეთქება მოხდეს.
აფეთქების შედეგად, დაახლოებით 10-15 ჯერ ხდება აფეთქებული გაზის გაფართოვება. ეს არის უზარმაზარი ძალა! დიდ დიღომში გადაღებულ კადრებს, რომ ვაკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ დაგროვებული გაზის რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო იმაზე დიდი, ვიდრე ფონიჭალაში იყო, რადგან ფონიჭალაში გაცილებით დიდი პრობლემები შეიქმნა - ორი სართული გააერთიანა აფეთქების ტალღამ.
აქ საკითხი დგება ასე: რატომ მოხდა გაზის გაჟონვა? საიდან მოხდა? რატომ დაგროვდა? თუ ვთქვათ შემთხვევით გაზქურა იყო დარჩენილი, დაახლოებით 5-6 საათი დასჭირდებოდა გაზქურიდან გამომავალი გაზის რაოდენობას, რომ მიეღწია აფეთქების კონცენტრაციამდე. აქ აშკარად იგრძნობა, რომ არ არის ერთბაშად შესული გაზის რაოდენობა, არამედ ეს მოხდა თანმიმდევრულად - გროვდებოდა, გროვდებოდა და მიაღწია აფეთქების რაოდენობამდე. გაოცებული ვარ როგორც "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლების მხრიდან, ასევე მეექვსე სართულის მცხოვრებლების მხრიდან. მეზობლებმა სუნი იგრძნეს და ეს სუნი ხომ გაცილებით მეტი იქნებოდა სახლში? რატომ ვერ მოხერხდა და რატომ ვერ იგრძნეს სახლში მცხოვრებლებმა ეს საათების განმავლობაში და რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები, გაუგებარია.
მართალია, გამოიძახეს ბინადრებმა "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელი და ახლა საინტერესოა, რა უნდა შეემოწმებინათ მათ: თუ ისინი მიიყვანეს ღია სივრცეში დამონტაჟებულ გაზის მარეგულირებელ დანადგართან, რომლის მოვალეობაც არის წნევის დაგდება (ამ ადგილას ყოველთვის ხდება გაზის გაჟონვა და ყოველთვის არის სუნი და ხმაური), თუ ის ჩათვალეს გაზის კერად, მაშინ იქ სიცოცხლისთვის საშიში არაფერი იყო. თუ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები შევიდნენ კორპუსში და აყვნენ კიბეებს და ლიფტის შახტას, ისინი აღჭურვილი უნდა ყოფილიყვნენ სათანადო ხელსაწყოებით, რომელიც გიჩვენებს რა რაოდენობის გაზია, როგორ იცვლება მოცულობა და ა.შ. მათ აუცილებლად უნდა ენახათ კერა, საიდანაც ხდებოდა გაზის გამოჟონვა და უნდა მიეღოთ შესაბამისი ზომები. იხილეთ სრულად