„ბუნებრივი აირის ქსელს ექსპლუატაციის ვადა 3-ჯერ აქვს გასული, ასეთი ქსელის ექსპლუატაცია საერთოდ არ შეიძლება“.
ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა.
მისივე თქმით, იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ წელს თუ არა, დიდი ალბათობით მომავალ წელს ქალაქი აუცილებლად გაზმომარაგების გარეშე დარჩება.
„ქსელს 3-ჯერ აქვს ექსპლუატაციის ვადა გასული. ზოგან მიწისქვეშ რკინას კედლები აღარ აქვს შერჩენილი, მილის ფორმა კი გარშემო მიწამ მიიღო და მიწაში მიდის გაზი. უბრალოდ, მიწაში მილი აღარ არის. ასეთი მონაკვეთებიც არსებობს და ასეთი ქსელით ხდება ქალაქის გაზით მომარაგება. იმდენი პრობლემაა დაგროვილი, ქალაქი აუცილებლად გაზმომარაგების გარეშე დარჩება თუ ამ პრობლემებს თვალებში არ შევხედეთ და მისი მოგვარების გზები არ მოვძებნეთ. ეს ქსელი რამდენ ხანს გაძლებს? პირდაპირ გეუბნებით, ქალაქს შესაძლოა, მომავალ წელს, მეტიც შეიძლება წელსვე გაეთიშოს გაზმომარაგება. თუ წელს არ მოხდა, მომავალ წელს ამის ძალიან მაღალი ალბათობაა,“-აღნიშნა სიმონიშვილმა.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მომხდარზე პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოძიებამ ორი პირი უკვე დააკავა.
იხილეთ ვიდეო: "პირდაპირ გეუბნებით, თბილისი შესაძლოა, წელს თუ არა, მომავალ წელს გაზმომარაგების გარეშე დარჩეს"