„ბუნებრივი აირის ქსელს ექსპლუატაციის ვადა 3-ჯერ აქვს გასული და ასეთი ქსელის ექსპლუატაცია, რომლითაც დღეს ჩვენი ქალაქი მარაგდება, დაუშვებელია,“-ამის შესახებ „კვირის პალიტრა“ სფეროს სპეციალისტზე დაყრდნობით წერს.
როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო სიმონიშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, გაზგაყვანილობის ქსელი ზოგან კატასტროფულ მდგომარეობაშია და რკინის მილებს კედლებიც კი აღარ აქვს შერჩენილი, მიწამ მიიღო მილის ფორმა და არის ადგილები, სადაც სწორედ მილის ფორმის მიწაში გადის გაზი.
„ათწლეულებია უკვე ამის გამო ქალაქს გაზი ძალიან დაბალი წნევით მიეწოდება. წნევას რომ მოუმატონ, ხომ დაგლიჯა ყველგან დაჟანგული მილები. არადა, ასეთი დაბალი წნევით გაზმომარაგებაც ძალიან სარისკოა. თუ ასეთი წნევის პირობებში ერთმა მეზობელმა ჩართო აირღუმელი, მოგვიანებით კი მეორემ უფრო ძლიერი გაზის ხელსაწყო, პირველ ხელსაწყოს შესაძლოა გაზის მიწოდება შეუწყდეს. შემდეგ, როცა მეორე მეზობელი გამორთავს ხელსაწყოს, პირველთან გაზმომარაგება აღდგება, მაგრამ აირღუმელი უკვე ჩამქრალი იქნება და გაზი წვის გარეშე მოედინება... ასეთ დროს "ყაზტრანსგაზის" ინჟინერმა გაზის წნევას რომ მოუმატოს, მილები ვერ გაუძლებს. თბილისი აუცილებლად დარჩება გაზმომარაგების გარეშე, წლეულს თუ არა, მომავალ ზამთარს მაინც, ხოლო მსხვერპლი და ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ამ პრობლემებს თვალს არ გავუსწორებთ,“ - აღნიშნავს სიმონიშვილი.
გამოცემის ცნობითვე, ბოლო 3 წელიწადში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 86 კაცი დაიღუპა. მხოლოდ ბოლო 3 თვეში გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას 6 მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია.