„ჯეოსელის“ აბონენტებს ტარიფი ეზრდება. კომპანია, „სილქნეტის“ ცნობით, რომელმაც „ჯეოსელი“გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
„1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს,“-აღნიშნულია „სილქნეტის“ განცხადებაში.
კერძოდ, 1-ლი მარტიდან „ახალი პაკეტი მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; „ახალი პაკეტი მეტი M“ 15 ლარი გახდება, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით 10 ლარი იყო; „ახალი პაკეტი მეტი უსასრულო“ კი მარტიდან - 30 ლარი ეღირება, ნაცვლად არსებული 25 ლარისა. (ტარიფების ცვლილების შესახებ, იხილეთ ბმულზე)
მომხმარებელს ახალ სატარიფო პოლიტიკას შესთავაზებს „მაგთიც“. კერძოდ, კომპანიის ცნობით, 18 თებერვლიდან მომხმარებელი „მარტივი 25“-ს ნაცვლად, განახლებულ პაკეტ „მარტივს“ მიიღებს. აღნიშნული პაკეტი არსებულთან შედარებით 5 ლარით ძვირი იქნება და 30 ლარი ეღირება. გაძვირებული პაკეტის „მარტივის“ ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ იქნება. (ტარიფების ცვლილების შესახებ, იხილეთ ბმულზე )
ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც ორივე კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.
ამასთან, კომპანიები აწესებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურს, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი; ხოლო „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება. ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას შეუზღუდავად მიიღებთ.