„სატელეფონო მომსახურებებზე აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება.
ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს,“-აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანიები სატარიფო პოლიტიკის ცვლილებას გეგმავენ. კერძოდ, "ჯეოსელისა" და "სილქნეტის" აბონენტებისთვის განახლებული ტარიფები 1-ლი მარტიდან, ხოლო "მაგთის" აბონენტებისთვის" 18 თებერვლიდან ამოქმედდება.