ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.
ბექაურის თქმით, კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს.
კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
„ძალიან ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ბაზარზე არსებულ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ ორი - სამი თვის განმავლობაში, თუ ისინი არაკანონზომიერად მოიქცევიან, მაინც დავაბრუნებთ კანონზომიერების ჩარჩოში“, - განაცხადა ბექაურმა.
მისი განცხადებით, ბოლო ორი - სამი წლის განმავლობაში, კომისიამ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ბაზარზე სიტუაცია გაჯანსაღებულიყო, რაც იმის გარანტია, რომ საცალო ბაზარზე მომხმარებლებისთვის კონკურენცია გაიზარდოს, ხარისხი გაუმჯობესდეს და ფასებმა დაიწიოს, ამის ფონზე კი კომპანიების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების გახმოვანება საფუძველს მოკლებულია.
„არ ვიცი, მათი ეს გადაწყვეტილება რითაა გამოწვეული, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ბაზარზე გარკვეული თვალსაზრისით განუკითხავი მდგომარეობა იყო, ის ტარიფი ტარიფი არ იყო და ის ხარისხი ხარისხი არ იყო, რასაც კომპანიები აწვდიდნენ მომხმარებლებს, კომისიის მხრიდან ეს ყველაფერი მოწესრიგების პროცესშია და ამისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა გარკვეული დისკომფორტი შეუქმნათ დიდ ოპერატორებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის მივცემთ უფლებას, რომ არაკანონზომიერი გადაწყვეტილებები მიიღონ და საკუთარი მნიშვნელოვანი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენონ მომხმარებელზე, ამას წინ კომისია აღუდგება“,- განაცხადა კახა ბექაურმა.
შეგახსენებთ, „ჯეოსელის“ და „მაგთის“ აბონენტებს ტარიფები ეზრდებათ. ორივე კომპანიას თავიანთი ტარიფები ექნებათ, როგორც აქამდე, თუმცა უკვე ნამატი ფასით.