„ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი. აქამდე ჩემი წარმატების ისტორია იცოდით.
ახლა კი, მოგიყვებით როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი - ერთ დღეს წარუმატებელი გახდეს!“ - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
„8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი. ბევრი გამოწვევა იყო.. მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი. დაიწყო ახალი ერა - სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ, ძროხები ბრუცელოზით დაავადდა. რატომ? - ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ყველაფერს - რასაც შევწირე თავი, რის გამოც სოფელში გადავედი საცხოვრებლად და შვილები ფაქტობრივად დედის გარეშე დავტოვე, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი, ანუ ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!,“- წერს ზამბახიძე.
საკუთარ ბიზნესისტორიაზე, მთავარ პრინციპებსა და იმაზე თუ რატომ გადაწყვიტა თბილისელმა გოგონამ სოფლის მეურნეობის განვითარება, ნინო ზამბახიძემ 2015 წელს გადაცემაში „ბიზნეს PRESS -ი“ ისაუბრა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
ყველაფერი დაიწყო 1995 წელს, როდესაც თქვენ, სულ რაღაც 100 დოლარით ამერიკაში წახვედით. შემდეგ რა მოხდა?
-ნამდვილად ასე იყო. მე, სამწუხაროდ, იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც განათლების მიღების საშუალება საქართველოში არ ჰქონდა, მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება. დედ-მამამ შეაგროვა თანხა, ისესხეს და 100 დოლარით ამერიკაში გამიშვეს. სიმართლე გითხრათ, ალბათ ეს ყველაზე კარგი წლები იყო. მაშინ გავბრაზდი ჩემს ქვეყანაზე, როდესაც ვნახე იქ როგორ ცხოვრობდნენ და ეს შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა. ვფიქრობდი დავრჩენილიყავი, მაგრამ მამაჩემის დაჟინებული თხოვნით, საქართველოში დაბრუნება მომიწია. სულ მეუბნებოდა, თუ რამეს აკეთებ, უნდა გააკეთო შენი ქვეყნისთვის და რასაც უცხოეთში მიიღებ, შენს ქვეყანას უნდა მოახმაროო. ამ პერიოდში მეწარმეული სულისკვეთება სულ მქონდა და მერე უფრო გამომიმუშავდა. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მუშაობა აუდიტორულ კომპანიაში დავიწყე, მარკეტინგის განყოფილების უფროსად და სულ მქონდა ის შეგრძნება, რომ ჩემი თავი ვერ ვიპოვე - საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენდი. 2004 წელს ბიზნესპარტნიორთან ერთად გავაკეთე ყავის ჯიხურები, რომელსაც ერქვა "ახალი ყავის ფერი". ალბათ, ეს ახალი სიტყვა იყო ქართულ რეალობაში იმიტომ, რომ ბევრს არ ესმოდა, რატომ უნდა წაეღო ყავა თან და რატომ არ იყო მაგიდები მოწყობილი, სადაც დალევას შეძლებდნენ.
- ვიცი, რომ ყავის ბიზნესამდე ჯინსების ბიზნესით იყავით დაკავებული, რომელიც წარუმატებლობით დასრულდა.
-კი, ნამდვილად იყო. მამაჩემის მეგობართან ერთად მქონდა ეს ბიზნესი და ამერიკიდან GAP-ის ჯინსებს ვაგზავნიდით. სიმართლე გითხრათ, ეს ალბათ ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. როდესაც მეგონა, რომ ბიზნესი ვიცოდი და ავაწყე, წავედი, დავბრუნდი უკან და აღარც მამაჩემის მეგობარი იყო, აღარც ჯინსების მაღაზია. მაშინ ყველას ძალიან უჭირდა და სულ მინდა ამის გამართლება მოვძებნო, რატომ გააკეთა. ალბათ, ოდესმე გავიგებ. ასე რომ, წარუმატებლად დამთავრდა ჩემი ეს ცდა. თუმცა წარმატება ჩემთვის ხმამაღალი ნათქვამია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა წარმატებას წარუმატებლობა მოყვება და თუ წარუმატებელი არ ხარ რაღაც კონკრეტულში, შემდეგ ბიზნესს მიზანმიმართულად ვერ მართავ. ალბათ, ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. სოფლის მეურნეობაში ბევრი წარუმატებლობა მქონია, შეიძლება ითქვას, რომ სამჯერ ცხოვრება არაფრიდან დავიწყე. სულ მაქვს ის მომენტი, რომ მაინც გავაკეთებ, მაინც შევძლებ. ბევრი უძილო ღამეა. ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც მსმენელი ან მკითხველი ერთ გვერდზე ჩემს ცხოვრებას წაიკითხავს, იქ მხოლოდ კარგი ჩანს, და ჩანს ის, რომ ძალიან მარტივია ყველაფრის გაკეთება. კარგი ისტორიაა, როგორ წავიდა ვერელი გოგო და სოფლის მეურნეობის კეთება დაიწყო. სინამდვილეში, ეს 7 წელი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.
-ცოტა უცნაურია. თბილისში გყავდათ ახლობლები, ოჯახის წევრები. გქონდათ თქვენი საქმე - ყავის ბიზნესი, რომელიც წარმატებით მიდიოდა. ვითარდებოდა, შეიძლება ასე ითქვას. რამ გადაგაწყვეტინათ თბილისიდან ახალციხეში წასულიყავით?
- ჩემს ბიზნესპარტნიორს დაურეკეს და უთხრეს, რომ მის ნაყიდ ძროხას მოვლა სჭირდებოდა: მწყემსი, ბაგე უნდა აუშენოთ, საკვები ბაზა უნდა მოუმზადოთო... როდესაც ჩავედი და ვნახე, რა პირობებში მზადდებოდა რძის პროდუქტები, ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო: ეს არ არის ეკოლოგიურად სუფთა. ეს არის ყველაზე მძიმე ტრაგედია. თუ პროდუქცია ასე მზადდება და ჩვენ ამას ვაჭმევთ შვილებს, ვიფიქრე, რომ ეს ან აღარ უნდა ვაჭამო, ან უნდა გავაკეთოთ კარგი. მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება. გვქონდა რაღაცა თანხა და გადავწყვიტეთ, მცირე საწარმოს გაკეთება გვეცადა. მაშინ ძალიან გამიმართლა, იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საგრანტო კონკურსი, დავწერეთ ბიზნეს გეგმა, როგორ გადაგვეტანა კუსტარული მეურნეობა ინდუსტრიაში.
-ორი ძროხა. რა იყო შემდეგი ნაბიჯი, რითიც უნდა დაგებანდებინათ ეს ფული? როგორ მოიქეცით და რამდენად სწორად იყო გათვლილი თქვენი ყოველი ნაბიჯი ბიზნესის ასაწყობად?
-არ იყო სწორად გათვლილი იმიტომ, რომ ბიზნეს გეგმაც არ გვქონდა გაკეთებული ასე გრძელვადიან პერსპექტივაში - არ ვიცოდით. და მერე ორჯერ ძვირი დაგვიჯდა ჩვენი არცოდნა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ, მივხვდი, ძალიან სერიოზულ პრობლემებს შევეჯახე, იმიტომ, რომ ადამიანიც არ იყო, ვინც მირჩევდა თვითონ საწარმო როგორ უნდა ამეშენებინა. მახსოვდა, როდესაც ამერიკაში ვმუშაობდი, ჩვენს ქვევით იყო პატარა კაფეტერია, ერთი ადამიანი დადიოდა და თერმომეტრით სულ რაღაცას ზომავდა. მივწერე ვისთანაც ვცხოვრობდი, ის კაცი რაღაცა სტანდარტზე მელაპარაკებოდა და ხომ არ გახსოვს, რა არის-მეთქი. მახსოვდა, ყველს ეხებოდა ეს სტანდარტი. მომწერეს, რომ ეს არის ჰასპის (HACCP) სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ინტერნეტით მე და ჩემი პარტნიორები ვთარგმნიდით და ასე ვაკეთებდით. როდესაც რაღაც კედელს ამოვაშენებდით, მერე ვხედავდით, რომ ეს შეცდომა იყო და ამის ასე გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს ალბათ, არცოდნის ბრალიც არის, მაგრამ მე მიმაჩნია - სწორად მოვიქეცი. თითოეული აგური ჩვენს ზურგზე გადავიდა. დღეს ასე არ მეცოდინებოდა საწარმოო ჯაჭვის აწყობა.
- ვიცი, რომ შრომისმოყვარეობასთან ერთად, იღბლიანიც ხართ. რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
-წარმატების ფორმულა ძალიან მარტივია. მაქვს ორი ძირითადი პრინციპი, რის მიხედვითაც ვცხოვრობ. პირველი: არასდროს უნდა თქვა არასოდეს. რაზეც არა ვთქვი, ყველაფერი ის გავაკეთე. მეორე: რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ანუ, რაც უფრო მეტს გარისკავ, რაც უფრო ცდილობ, რომ რაღაცა განავითარო და გინდა გააკეთო, მტკივნეულია, არ გკლავს, მაგრამ ის გაძლიერებს.
იხილეთ ინტერვიუ სრულად : თბილისელი გოგო, რომელიც წარმატებული ფერმერი გახდა