ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგი მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა.
სებ-ის ცნობით, აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას.
„ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე.
ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს,“- აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.
სცენარებში ლარის კურსზეც არის საუბარი. კერძოდ, სებ-ის ოპტიმისტური სცენარით 2019 წელს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 10%-ით გამყარდება; 2020 წელს კი დამატებით კიდევ 5%-ით გამყარდება. რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, პროგნოზით 2019 წელს ლარი 15%-ით; 2020 წელს კი - დამატებით 10%-ით გაუფასურდება.