„საცხოვრებელ სახლებში გაზის გაჟონვის დაფიქსირების მიზნით, დეტექტორების დამონტაჟება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს“- ამის შესახებ „ ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა. ირინა მილორავას თქმით, სხვა ცვლილებებთან ერთად იგეგმება მომხმარებლებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. მისივე განმარტებით, თვითნებურად და არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლების გამო გათვალისწინებული იქნება ჯარიმებიც.
„დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟება ეს კარგი საშუალებაა, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს ავიცილოთ საფრთხე. ამასთან ერთად, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით მომხმარებლის პასუხისმგებლობასაც. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების შემოტანა. ხშირია შემთხვევები, როცა საფრთხის წყარო არის აღმოჩენილი, მიღებულია ყველა შესატყვისი ზომა, მაგალითად, არასწორად დამონტაჟებული დანადგარი ჩახსნილია ქსელიდან, მაგრამ რამდენიმე ხანში ეს დანადგარი ისევ ქსელთანაა მიერთებული და მერე ხდება ტრაგიკული შემთხვევა. ამიტომ, გარკვეული ვალდებულებები და შესაბამისი პასუხისმგებლობები გადავა მომხმარებლის მხარეს. გაჟღერებული იქნა ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების თაობაზე. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველი იქნება გაფრთხილება, თუმცა დარღვევა გაითვალისწინებს ჯარიმასაც“, - განაცხადა ირინა მილორავამ.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებელი ჯარიმას გადაიხდის არა კომპანიის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ირინა მილორავას თქმით, ამ ცვლილებების დანერგვა და გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება მოხდება ძალიან სწრაფად.