"დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტით, მნიშვნელოვნად იზრდება სპორტის დაფინანსებაც"

დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტით, მნიშვნელოვნად იზრდება სპორტის დაფინანსებაც, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს პირველად აჭარბებს.

„2019 წლის ბიუჯეტი 72 650,3 ათასი ლარით იზრდება. ინფრასტრუქტურა ისევ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სპორტის ნაწილში ბიუჯეტი 700 ათასი ლარით იზრდება და ჯამში 16 904 100 ლარს შეადგენს. მერიამ გაიზიარა საკრებულოს ეს პოზიციაც და ამ მატებასაც დღეს განვიხილავთ. კომისია და მერია ერთად ვმუშაობთ ამ თანხების კიდევ უფრო ეფექტურ ათვისებაზე“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2019-ში, ისევე როგორც გასულ წელს, თბილისში დაგეგმილია სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები და ინფრასტრუქტურული პროექტები.

„ეს საკითხები ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია. კერძოდ, დიდი დიღმისა და ვარკეთილის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრები შენდება. ასევე, საბურთალოსა და ვაკის პარკში არსებული ჩოგბურთის კორტებისა და დიდ ლილოში ჭიდაობის დარბაზის რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო წყნეთში, სპორტული დარბაზის მშენებლობა და აღჭურვა დასრულდება. ჩატარდება: ახალგაზრდული სპორტული ფესტივალი, კალათბურთის ჩემპიონატი, ოლიმპიური შეკრებები და სხვადასხვა ახალგაზრდული ბანაკი, ლაშქრობა და ტრენინგი“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება მხარს უჭერს ინოვაციურ იდეებსა და წამოწყებებს.

"ვერც ერთ ბიუჯეტში რატომ ვერ ხერხდება ბაღის პედაგოგების ხელფასების გაზრდის გათვალისწინება?"
თბილისის საკრებულომ 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის 72 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა