2018 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 85,7%-ით გაიზარდა. შარშან ქვეყნიდან 54 502 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ბოლო წლების მაქსიმალური მაჩვენებელია.
ავტოდილერების ნაწილი და ექსპერტები რეექსპორტის ზრდას სხვადასხვა ფაქტორებს უკავშირებენ. როგორც ისინი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ქართველი ავტოდილერები გარკვეულწილად მოერგნენ იმ სტანდარტებს, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებში არსებობს, რამაც რეექსპორტის მოცულობა, რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ, გაზარდა.
ავტოდილერების ნაწილი, აცხადებს, რომ ამას დაემატა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ზრდა და ჩვენს ქვეყანაში აპრობირებული საჭის გადატანის მეთოდი, რის გამოც ხშირად დილერებს ავტომობილები შემოჰყავთ და შემდეგ სომხეთში გაჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველო რეგიონში ავტომობილების ნომერ პირველ რეექსპორტიორ ქვეყნად ითვლებოდა. ყველა დიდი რაოდენობით ავტომანქანა ყაზახეთში გადიოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ყაზახეთი ერთიანი ევრაზიული კავშირის წევრი გახდა, საქართველოდან ყაზახეთში ავტომანქანების ექსპორტი ფაქტობრივად, შეწყდა. მოგვიანებით, 2014 წელს ქართული ავტოდილერები აზერბაიჯანის მიერ „ევრო-4“-ის სტანდარტზე გადასვლამ დააზარალა. ამ სტანდარტის მიხედვით, აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების შეყვანა აიკრძალა, შედეგად ექსპორტირებული მანქანების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა მერე უკვე ზრდა დაიწყო. მაგალითად, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 54 502 ავტომობილი გავიდა, რაც 85,7%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. მაშინ მანქანების რეექსპორტმა 29 346 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება ფულად შემოსავლებს, 2018 წელს მანქანების რეექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 408, 936 მლნ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 234 810 მლნ დოლარი.
საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მიხედვით, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე სომხეთია, სადაც 2018 წელს 28 550 ავტომობილი გავიდა, 2017 წელს კი - 14 362 ერთეული. მას მოსდევს აზერბაიჯანი, სადაც გასულ წელს საქართველოდან 13 047 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2017 წელს - 4 548 ერთეულის.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ რეექსპორტის ზრდა ქართველი ავტოდილერების მიერ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლამ და მორგებამ გამოიწვია. მისი თქმით, ყაზახეთის ბაზარი, ახლა უკვე სხვა მეზობელმა ქვეყნებმა ჩაანაცვლა.
„ამ ბიზნესში პრობლემა შეიქმნა მას შემდეგ, რაც ყაზახეთმა, ევრაზულ კავშირში გაწევრიანების და მათი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენ რეექსპორტიორთა ბიზნესს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. ახლა სტატისტიკაში ასეთი ტიპის ცვლილებები უნდა მივაწეროთ იმას, რომ ჩვენი ავტოდილერები გარკვეულწილად მოერგნენ იმ სტანდარტებს, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებშია დასაშვები. ყაზახეთის შემდეგ შეისწავლეს სომხეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებში არსებული მოთხოვნები და იმაზე გადაეწყვნენ“,-აცხადებს დავით მესხიშვილი.
ავტოიმპორტიორი კომპანია „იამოტოს“ ხელმძღვანელი პაატა მაისურაძე აცხადებს, რომ ავტომობილების რეექსპორტის ზრდა არ არის დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკური სვლებსა, თუ ბიზნესპირობების გაუმჯობესებასთან. მისი თქმით, ეს განაპირობა რუსეთის სავაჭრო ზონამ, სადაც საქართველოდან ავტომობილების ყველაზე დიდი რეექსპორტიორი სომხეთიც შედის.
„ეს უფრო თვითონ იმ ქვეყნების მოთხოვნამ განაპირობა, რომლებიც რუსეთის სავაჭრო ზონაში შედიან. მაგალითად, სომხეთი, სადაც საქართველოდან დიდი რაოდენობით ავტომობილი, შემდგომ მისი სხვა ქვეყნებში რეექსპორტის მიზნით გადის“,-აცხადებს პაატა მაისურაძე.
მისი თქმით, ამას ემატება, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი, სადაც ავტომობილები ფოთის პორტში ფიქსირდება, ან მხოლოდ საჭის გადატანის მიზნით შემოჰყავთ, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში გაედინება.
„საკმაოდ მოსახერხებელი აღმოჩნდა საქართველოში საჭის გადატანა და შემდეგ ამ ავტომობილების რეექსპორტი. გარდა ამისა, საქართევლოს ძალიან ბევრს მოქალაქეს ავტომობილები იაპონიიდან ფოთში შემოჰყავს და შემდგომ სომხეთის გავლით სხვადასხვა ქვეყანებში აგზავნიან. ანუ საქართველო სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას ასრულებს, რომელსაც ემატება საჭის გადატანის სერვისი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რეექსპორტის ასეთი ზრდა სრულიად ლოგიკურია“,-აცხადებს პაატა მაისურაძე.
„იამოტოს“ ხელმძღვანელისგან განსხვავებით, სტატისტიკას არ ენდობა „რობანი მოტორსის“ თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე. როგორც საავტომობილო სფეროს ექსპერტი „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გაზრდილია, თუმცა არა ამდენად.
„ამ ციფრის არ მჯერა, 86%-მდე გაზრდილი ვერ იქნება. ზოგადად, გაზრდილია, მაგრამ ალბათ, მაქსიმუმ, 30-40%-ით. საინტერესო იქნებოდა თვითონ ქვეყნების ჩაშლა, ვგულისხმობ, სად რომელი ბრენდის ავტომობილი გავიდა და ა.შ. ამის შემდეგ უფრო შევძლებთ სტატისტიკის გაანალიზებას. ამ მონაცემების მიხედვით ავტომობილები ევროპაშიც გადის, მაგრამ მე ვფიქრობ, იქ არსებულ სტანდარტებს ვერ მოერგება ავტომობილები, რომელიც ჩვენთან შემოჰყავთ. ჩვენ ძირითადად საშუალო და დაბალი დონის ავტომობილების ექსპორტს ვახდენთ. მართალია, საქართევლოდან ავტომობილები გერმანიაში და იტალიაში გადის, მაგრამ ერთეულები, ძირითადად სპორტული, იაპონური მანქანები, რომელიც ევროპაში ძალიან ძვირია. ეს კი საერთო სტატისტიკაზე დიდი გავლენას ვერ მოახდენს“,-აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.