სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა, ხოლო ქრთამის აღების ბრალდებით წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს თითოეული დაკავებული თანამდებობის პირი.
2018 წლის 22 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ფლობს, ბათუმში სასტუმრო ნომერს (მშენებარე), რომელიც 2017 წელს 76 500 ლარად აქვს შეძენილი; 34,9 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას დაბა ბაკურიანში; თბილისში მდებარე 168 კვ. მეტრის ბინის 50%-იან წილს, რომლის დარჩენილი წილი მისი მეუღლის საკუთრებაა; 286,3 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლსა და იმავე მისამართზე მდებარე 990 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წყალტუბოში.
მის საკუთრებაშია ასევე, ექვსი მიწის ნაკვეთი წყალტუბოს სოფელ ქვილიშორში, რომელთა ჯამური ფართი 66 632 კვადრატულ მეტრს შეადგენს. გარდა ამისა, ივანეიშვილი ფლობს 18 კვ. მეტრის ავტოსადგომს თბილისში; 2 330 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს, წყალტუბოში ცივი ტბის მიმდებარედ; 1 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ურეკში; წყალტუბოში მდებარე 101 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთისა და 97,8 კვ. მეტრის კომერციული ფართის 50%-ს; ასევე 60 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს.
მასვე ეკუთვნის 836,02 კვ. მეტრის კომერციული ფართი ურეკში; ასევე 146 კვ. მეტრი ფართობისა და 1 736,36 კვ. მეტრის ორი კომერციული ფართი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, გრიგოლ ივანეიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“, რომელიც 2014 წელს 128 158,8 ლარად შეიძინა.
ივანეიშვილი არის სს „მერცხალის“ აქციების მფლობელი, რომელიც 1996 წელს 3 200 ლარად აქვს შეძენილი. გარდა ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის შპს „სანატორიუმის“ 30%-იანი წილი, რომლის საქმიანობითაც წლიურად შემოსავლის სახით 27 434 ლარი მიიღო; არის შპს „წყალტუბოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის“ 90%-ის მფლობელი და მისი საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 16 747 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, არის შპს „პლატინას“ 90%-იანი წილისა და შპს „სტალაქტიდას“ 50%-იანი წილის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელში დარჩენილი 50% მის მეუღლეს ეკუთვნის. ასევე არის სს „პეგასის“ აქციონერი, რომლის საქმიანობითაც წლიურად 4 328 ლარის შემოსავალი მიიღო. თუმცა, როგორც დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, ხუთივე საწარმოში წილის მინდობის უფლება სხვა პირზე აქვს გადაცემული.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ივანეიშვილის შემოსავალმა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 3 659,53 ლარი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას კი 966 ლარი შეადგინა.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული ივანეიშვილი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, რომლის შემოსავალმაც 2017 წლის განმავლობაში შპს „წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოში“, შპს „ნიუ ფარმასა“ და შპს „ჯი ემ პი“-ში ექიმ-ინფექციონისტად მუშაობისას, ჯამში, 12 473,71 ლარი შეადგინა. ამასთან, ის ფლობს 54 კვ. მეტრი ფართობის ბინას წყალტუბოში; 1 200 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და იმავე მისამართზე მდებარე 489,1 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში.
რაც შეეხება სუს-ის მიერ დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედება ბრალად, ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მას 2018 წლის 27 აპრილს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, თეიმურზ ჩოჩუა ფლობს 42 კვადრატული მეტრი ფართობისა და 60 კვ. მეტრის ბინას თბილისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „ფოლკსვაგენი“, რომელიც 2018 წელს 6 800 დოლარად აქვს შეძენილი.
გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე ჩოჩუას შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 44 605 ლარი შეადგინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 4 500 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 8 500 დოლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ ჩოჩუა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ფლობს 56 კვადრატული მეტრი ფართობის ბინასა და 70 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი „ფოლკსვაგენი“, რომელიც 2018 წელს 75 000 დოლარად აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულადი თანხის სახით, 500 დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ამ პირების დაკავების ბრალდებას, სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.