„არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი“,- ამბობდა კოკო შანელი, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა. ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტების სინთეზი - სწორედ ეს იყო ის, რამაც შეცვალა შეხედულება, რომ თითქოს გემოვნებიანი ჩაცმა მხოლოდ ფულიან ადამიანებს შეეძლოთ. ჩანაფიქრმა გაამართლა, 109 წლის წინ ქუდების „ბუტიკით“ დაწყებული ბიზნესი, დღეს უკვე მსოფლიოში 200-მდე მაღაზიას აერთიანებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ კოკო შანელის ბიზნეს ისტორიას.
გაბრიელ ბონოღ „კოკო“ შანელი (Gabrielle Bonheur "Coco" Chanel ) 1883 წ. 19 აგვისტოს სომიურში (სამხრეთ საფრანგეთი) დაიბადა. 12 წლის იყო, როდესაც დედის გარდაცვალების გამო, ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. მან კერვა სწორედ იქ, მონაზვნების დახმარებით ისწავლა. გაბრიელამ 20 წლის ასაკში თავშესაფარი დატოვა და მუშაობა ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო, პარალელურად კი კაბარეში მღეროდა, სადაც ფრანგი მილიონერი ეტენ ბალზანი გაიცნო, ხოლო მოგვიანებით ინგლისელ არტურ კაპელს შეხვდა. ამის შემდეგ მან უკვე საკუთარი ბიზნესის წამოწყება შეძლო. შანელის ბიზნეს ისტორია მისი პირველი ქუდების მაღაზიიით იწყება, რომელიც პარიზში 1910 წელს გახსნა. შემდეგი მაღაზიები იყო დოვილში და ბიარიცში. უშულოდ ტანსაცმლის მაღალი მოდის სალონი 1916 წელს ბიარიცში გახსნა, ხოლო 1920 წელს კი პარიზში გადავიდა. შანელი თანამშრომლობდა ჰოლივუდთან, აცმევდა ცნობილ მსახიობებს, გახსნა საკუთარი ბუტიკები მსოფლიოს მასშტაბით.
ის პოპულარული გახდა პრაქტიკული ტანსაცმლით და საფირმო კოსტიუმით. შანელის ჟაკეტი და მოკლე ქვედაბოლო მისი დიზაინერული ფილოსოფიის სიმბოლოდ იქცა.
შანელის სავიზიტო ბარათად ქცეული სუნამო Chanel No. 5 მან 1922 წელს ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. ეს იყო 80 კომპონენტისგან შემდგარი სითხე, რომელსაც ჰქონდა თხევადი ოქროს ფორმა არტ დეკოს სტილის ბოთლში. შანელამდე ქალის სუნამო იყო მონოარომატული. მან კი შექმნა რთული, სინთეზური Chanel No. 5, რომელსაც არ ქონდა რომელიმე ერთი ყვავილის სუნი. პარფიუმი ასახავდა შანელის პიროვნებას, რაღაც აბსტრაქტულს და უნიკალურს. სუნამო დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია.
შანელის ბიზნეს კრიზისი პირველ და მეორე მსოფლიო ომებს უკავშირდება. 30–იან წლებში მისი ბიზნესის აქტივები დაეცა. ამიტომ 1939 წელს შანელმა დაითხოვა თანამშრომლები და დროებით შეაჩერა კომპანიის საქმიანობა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1954 წელს 70 წელს მიტანებულმა კოკო შანელმა გადაწყვიტა მოდის სამყაროში დაბრუნება და გახსნა ახალი ბუტიკი Rue Cambon , რომლის საშუალებითაც ძალიან მალე მან დაიბრუნა თავისი სახელი.
კოკო შანელი 1971 წ. 10 იანვარს, 88 წლის ასაკში გადაიცვალა, რის შემდეგაც ბიზნესი მისმა ასისტენტებმა გააგრძელეს. 1983 წლიდან კი შანელის სახლის დიზაინერია კარლ ლაგერფელდი ხელმძღვანელობს, რომელმაც შანელს კიდევ უფრო მეტად გაუთქვა სახელი და კომპანია გაცილებით მომგებიანი გახადა. მისი წყალობით გაყიდვები 6%–ით გაიზარდა და 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამჟამად კომპანიის მფლობელი არის შანელი ჯგუფი (The Chanel group), რომელიც იმართება ვერტეიმერის ოჯახის (Wertheimer family) მიერ სხვადასხვა ინვესტიციური ჰოლდინგების მეშვეობით (Litor Ltd., Pamerco).
ამასთან, შანელი არის მაღალი მოდის და მზა ტანსაცმლის პროფკავშირის პალატის წევრი (Chambre Syndicale de la Haute Couture et du Pret-a-Porter). კომპანია ამჟამად გარდა სუნამოს და ტანსაცლის ხაზისა, აწარმოებს კოსმეტიკას და აქსესუარებს.