ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე მომღერალ სოფო ხალვაშის შემოსავალმა 2018 წლის 27 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 4 080 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ხალვაში მერის მოადგილედ ბათუმში სწორედ გასული წლის 27 ნოემბერს დაინიშნა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დილის წამყვანისა და მუსიკალური გამფორმებლის პოზიციაზე მუშაობისას მისი შემოსავალი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 26 ნოემბრის პერიოდში 19 368 ლარი იყო.
მიმდინარე წლის 25 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ხალვაში ფლობს 84,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში, რომელიც გასულ წელს 139 450 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი „მერსედეს C კლასი“.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ხალვაშს საბანკო ანგარიშებზე - 9 015 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 9 500 ლარი ჰქონდა.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, შპს „ბასტი ბუბუ ბათუმის“ 100%-იანი წილის მფლობელია, რომლის საქმიანობითაც 6 875 ლარის შემოსავალი აქვს წინა წელს მიღებული. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მუსიკალური ნომრების შესრულებისთვის ჰონორარის სახით სოფო ხალვაშმა წლიურად ჯამში, 26 ათასი ლარი მიიღო.
სოფო მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ცნობილი ფეხბურთელის რევაზ ძოძუაშვილის შვილი მიშა ძოძუაშვილია. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ძოძუაშვილი ფლობს 11 250 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ქვემო ლისში. მის საკუთრებაშია ასევე: ბეტონმრევი და ტრაქტორი. მასვე საბანკო ანგარიშზე 2 953 ლარი და 610 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 14 800 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, ძოძუაშვილი არის შპს ADOG GEORGIA-ს დირექტორი; ასევე შპს „ადო-გ ინშაათ თაჯჰიზათ ვე გურაშდირმას საქართველოს ფილიალის“ დირექტორი, რომლის საქმიანობითაც მისმა წლიურმა შემოსავალმა 20 762 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, არის შპს „New way - ახალი გზის“ 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, ძოძუაშვილის გასავალმა საცხოვრებელი ფართის შესაძენად 33 970 ლარი შეადგინა.