„ბაზარზე ღია წვის ხელსაწყოების გაყიდვა უნდა აიკრძალოს“, ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს. მისივე შეფასებით, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან - ეს არის საკანონმდებლო, ნორმატიული აქტებისა და დარგობრივი რეგლამენტების უზარმაზარი დეფიციტი.
„გაიხსენეთ, როდის ნახეთ ბოლოს გაზზე მომუშავე მოწყობილობებისა და შიდა გაზგაყვანილობის უსაფრთხოების კონტროლიორი თქვენს ბინაში, რომელიც, წესით, ყოველწლიურად მაინც უნდა ამოწმებდეს მოწყობილობებსა და შიდა ქსელს. გინახავთ ოფიციალური წარმომადგენელი გაზის სადისტრიბუციო კომპანიიდან, საჯაროდ რომ გვირჩევდეს და გვთავაზობდეს გაზის გაჟონვის საწინააღმდეგო დეტექტორ-ანალიზატორის (ჩამკეტი სარქვლით) დამონტაჟებას ბინებში?
ვფიქრობ, ის სტატისტიკა, რომელსაც კომპანია აქვეყნებს, გეგმურ შემოწმებას კი არ ასახავს, არამედ გამოძახებაზე რეაგირების შედეგია. უკვე წესად იქცა ცუდი პრაქტიკა, როცა ინჟინრების საკეთებელ საქმეს სხვა სპეციალობის წარმომადგენლები "აკეთებენ": იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები და სხვა. რამდენჯერ მინახავს, ე.წ. ხელმძღვანელებს ნახაზის წაკითხვაც რომ უჭირთ და სამუშაოს "გეგმავენ". ასე გაგრძელება არ შეიძლება, საინჟინრო საქმეს ინჟინრები უნდა აკეთებდნენ. ბუნებრივი გაზის ქსელები ურთულესი საინჟინრო სისტემაა და მათ ექსპლუატაციას მაღალკვალიფიციური კომპანიები უნდა ემსახურებოდნენ.
ამდენი ავარია მოხდა, ეს ხომ არ არის პირველი წელიწადი, როცა გაზის გაჟონვით ადამიანები გვეღუპებიან - 1 კუბმეტრი ბუნებრივი გაზი განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა რამდენიმე კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყოს. როცა ლაპარაკია რეგულაციებზე, არასწორად დამონტაჟებული ან სახიფათო ხელსაწყოს მხოლოდ ჩახსნა კი არა, აბონენტისთვის გაზმომარაგების საერთოდ შეწყვეტაა აუცილებელი. ამ ბოლო ტრაგიკული შემთხვევის დროს კი რა მოხდა? ხელსაწყო შეამოწმეს, ჩახსნეს და აბონენტს დაუტოვეს. იმ მოწყობილობის ამოღება და განადგურებაა საჭირო. ბაზარზე ღია წვის ხელსაწყოების გაყიდვაც უნდა აიკრძალოს,“- განაცხადა მირცხულავამ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.