თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
აუდიტით სხვადასხვა სახის სისტემური ნაკლოვანებები გამოვლინდა. კერძოდ, ხელმისაწვდომობაში არსებული ნაკლოვანება - ძალოვანი უწყებების მოსამსახურეები (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა) სრულყოფილად არ არიან უზრუნველყოფილნი წინასწარ განსაზღვრული, ნორმებით დადგენილი ოდენობების უნიფორმებით, რაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ზოგიერთ შემთხვევაში დადგენილი ნორმები არ ასახავს რეალურ საჭიროებას და გადახედვას საჭიროებს.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, რომელიც ამ კომპონენტისთვის არის გამოყოფილი (აღსანიშნავია რომ წლების განმავლობაში უნიფორმებით უზრუნველყოფა უმჯობესდება) ვერ ხდება სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა.
„სხვადასხვა აუდიტის ობიექტზე არსებობს რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი. კერძოდ, არაპრიორიტეტული ჯგუფებისთვის უნიფორმის მიწოდების შემცირებით, შესაძლოა მეტი რესურსის პრიორიტეტულ ჯგუფებზე მიმართვა. მაგალითად, თუ პირი ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს, მასზე გაცემული საველე უნიფორმა ნაკლებად ცვდება, რადგან ის არ მონაწილეობს ყოველდღიურ წვრთნებში. შესაბამისად შესაძლებელია უნიფორმის მოხმარების ვადის გაზრდა, რაც გამოიწვევს ეკონომიას. აუდიტის მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან, დაახლოებით 4,2 მილიონი ლარი შესაძლოა უფრო პროდუქტიულად იქნეს გამოყენებული და მისი ნაწილი მიიმართოს უნიფორმის შესყიდვაზე იმ მოსამსახურეებისთვის, რომელთაც აღნიშნულის მეტი საჭიროება გააჩნიათ,“-აღნიშნულია ანგარიშში.