ტექნიკის მაღაზიათა ქსელის შპს „ტექნო ბუმის“ განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს წარმოებაში მიიღეს.
მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. როგორც საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით შპს „ტექნო ბუმის’’ წარმომადგენელმა ლელა ნადიბაიძემ მომართა, რომელმაც მოითხოვა შპს „ტექნო ბუმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
„სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში. მეურვედ დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიურო და აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან.
დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. შეჩერდეს მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულება (არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება). განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 11 მარტს,“-აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში.