რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Balttour 2019” საქართველო ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მათი დეპარტამენტი ბალტიისპირეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევდა.
„აჭარის კუთხესთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. მათმა უმრავლესობამ განსაკუთრებული ინტერესი ეკოტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით გამოხატა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან მიმდინარე წელს ლატვიაში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის მიზნით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ლატვიაში 2017 წლიდან ახორციელებს.
წელს, „Balttour 2019” წელს ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა. სამი დღის განმავლობაში მას ჯამში 28,050 ვიზიტორი დაესწრო. საქართველოს სტენდი გამოფენაზე ლატვიაში საქართველოს ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.