რამდენი ლარით დაჯარიმდებიან ავტომფლობელები, რომელთაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნებათ

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.

ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. აღსანიშნავია, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ქვეყანაში სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.

ამასთან, განსაზღვრულია კონკრეტული ლიმიტები თუ რა შემთხვევაში რა მოცულობის ზარალს აანაზღაურებს კერძო სადაზღვევო კომპანია. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებსაც.

იმ შემთხვევაში თუ მესამე პირiს დაზღვევა არ ექნება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება. ფულადი სანქციის ოდენობა კი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის მიხედვით განსხვავებულია.

„სამართალდარღვევის შემთხვევაში - მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა– მოცულობა 50 სმ3– ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის (თუ მას არ გააჩნია მისაბმელით გამოწვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა) - 100 ლარით, ხოლო ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის –200 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს.

ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ მძღოლს დაჯარიმებასთან ერთად 72 საათიანი ვადა მიეცემა სავალდებულო დაზღვევის შესაძენად, შესაბამისად, დაჯარიმებიდან 72 საათის შემდეგ თუ კვლავ დაუზღვეველი იქნება მძღოლის პასუხისმგებლობა, იგი კვლავ დაექვემდებარება დაჯარიმებას,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

თაია არდოტელი