„ორი ნაბიჯის“ შემდეგ უკვე 2 თვეა „კოკა-კოლა“ არც „კარფურში“ იყიდება. 2 ბიზნესსუბიექტს შორის ხელშეკრულების გაწყვეტის დეტალური მიზეზები არ ხმაურდება. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქსელთან მოლაპარაკება გრძელდება. „მაგრამ, თუ ვერ შევთანხმდით, „კარფურში“ „კოკა-კოლა“ არ გაიყიდება და მორჩა. ჩვენ რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს“, - ამბობს ჭყონია.
როგორც ცნობილია, რითეილის ბაზარზე თამაშის თავისებური წესები მოქმედებს, რომლებსაც ისინი მწარმოებლებს უყენებენ. ამ წესებს შორისაა პროდუქციის შეტანის გადასახადი (ე.წ. ლისტინგი), „ქეშბექი“, ექსკლუზიური ფასდაკლება, მარკეტინგული ბიუჯეტის შეთანხმება, გაყიდვების წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულება და ა.შ. სწორედ ამგვარი პირობების გამო, მცირე წარმოებას ქსელებში შესვლაზე პრობლემები ექმნებათ. თუმცა ქართულ რეალობაში დაზღვეული არც მსხვილი ბიზნესია. მაგალითად, უკვე ორი თვეა „კოკა-კოლა“ არ იყიდება სუპერმარკეტების ქსელში „კარფურში“, მანამდე კი იყო „ორი ნაბიჯი“.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ „კარფურთან“ მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და თუ შეთანხმება შედგა, დისტრიბუციაც განახლდება. მისივე განცხადებით, „კარფურს“ თავისი პირობები აქვს, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ - თავისი, ამ ეტაპზე კი შეთანხმება ვერ ხერხდება.
„ბევრი თემა და საკითხია, რომლის დალაგებაც გვინდა როგორც „კარფურთან“, ისე ყველა სხვა რითეილერთან. ჩვენი სურვილია, გავაფორმოთ ისეთი ხელშეკრულებები, რომელიც საერთაშორისო სტადარტის შესაბამისი იქნება. დღეს კი ასეთი სტანდარტის ხელშეკრულების დადება ქსელებთან არ ხდება. ყველას თავისი მოთხოვნები აქვს, მათ შორის, „კარფურს“. ამჟამად მოლაპარაკებების პროცესში ვართ, თუ შევთანხმდით, დისტრიბუცია განახლდება, მაგრამ, თუ ვერ შევთანხმდით, „კარფურში“ „კოკა-კოლა“ არ გაიყიდება და მორჩა. ჩვენ კი რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ყველა ობიექტს ვუფრთხილდებით, პატივს ვცემთ, მაგრამ პატივისცემა მათგანაც უნდა მოდიოდეს.
რაც შეეხება „ორ ნაბიჯს“, მან ჩვენი კონკურენტი არჩია და ახლა ის იყიდება ამ ქსელში. თუმცა ახლა „ორი ნაბიჯის“ თემას საერთოდ აღარ განვიხილავთ. მათ ისეთი ფილოსოფია აქვთ, უკვე აღარც გვახსოვს მაგ ქსელის არსებობა. სამაგიეროდ, არსებობენ ისეთი ქსელები, როგორიცაა „ნიკორა“, „ზღაპარი“, „უნივერსამი“ და ბევრი სხვა, რომლებთანაც ძალიან კარგი ბიზნეს-ურთიერთობა გვაქვს“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თემურ ჭყონია.
მისივე თქმით, არიან ბიზნესმენები, რომლებიც ქსელებთან დათმობაზე მიდიან ასეთი განწყობით - „ცოტას ხომ მაინც მოვიგებთ“: „ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ეს არის მორალური გაჭირვების ნაბიჯი. ჩვენ ისე არ გვიჭირს და არც არავის არ უნდა უჭირდეს, რომ ასეთ დათმობაზე მიდიოდეს. აუცილებელია, რომ ყველამ ურთიერთობაში თავის ბრენდის პროდუქციის იმიჯი დაიცვას“, - ამბობს ჭყონია.
კითხვაზე, აისახა თუ „კარფურში“ რეალიზაციის შეწყვეტა „კოკა-კოლას“ გაყიდვების საერთო მაჩვენებელზე, ჭყონია განმარტავს, რომ არ ასახულა: „ზოგადად, ყველა იმ ქსელში, სადაც ჩვენი პროდუქტია შესული, „კოკა-კოლას“ რეალიზაცია 3-4-ჯერ უსწრებს კონკურენტების პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებელს. „კარფურში“ 2 თვეა აღარ შევდივართ, მაგრამ რეალიზაციაზე ეს არ ასახულა. მეტსაც გეტყვით, სხვა ქსელებში ჩვენი პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა კიდეც. „კოკა-კოლას“ თავისი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს და ის სხვა სასმელს არ იყიდის“, - განაცხადა ჭყონიამ.
ცნობისათვის, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” 1996 წელის 23 აპრილს დარეგისტრირდა. 2016 წლის 2 დეკემბერს განხორციელდა მისი რესტრუქტურიზაცია და ის სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია იყო 16 ინდივიდუალური აქციონერის საკუთრება. ჯგუფის ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა. დანარჩენ აქციებს ფლობენ კომპანიის თანამშრომლები (8.04%) და სხვა პირები. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” მთლიანი აქტივების ღირებულება 185 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელს მისი შემოსავალი 17%-ით 137 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება „კარფურს“, მისი იურიდიული სახელი არის „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია,” - კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული იურიდიული პირის შვილობილია და UAE-ს ინვესტიციას წარმოადგენს. შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია” 2011 წლის 23 დეკემბერს დარეგისტრირდა. ბოლოსთვის კომპანია წარმოდგენილი იყო 13 ობიექტით: თბილისში - 2 ჰიპერმარკეტი, თბილისში - 10 სუპერმარკეტი, ბათუმში - 1 სუპერმაკეტი.
TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, „კარფური“ არის გაყიდვებით რითეილის ბაზრის მთავარი მოთამაშე. მისი შემოსავლები ბოლო 4 წლის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა და 2017 წელს 370 მლნ ლარი შეადგინა. მას ბაზრის 29% უკავია.
TBC Capital-ის კვლევით კი, „ორ ნაბიჯს" ბაზრის 13%-იანი წილი უკავია. რითეილ ბაზარზე ამ ბრენდის პირველი მაღაზია თბილისში 2010 წელს გაიხსნა და დღეს ის 131 ობიექტით არის წარმოდგენილი.