ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების ფასი 7.35%-ით დაეცა. კერძოდ, ამ ეტაპზე აქციის ფასი 13.44 გირვანქა სტერლინგია.
კონკრეტული მიზეზის თქმა, თუ რა გახდა ბანკის აქციების ფასის ვარდნის მიზეზი, რთულია, თუმცა, ეს შესაძლოა, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, ისიც რომ ამის შესახებ „თიბისი ჯგუფს“ ინგლისურ ენაზე აქციონერებისთვის უკვე აქვს განცხადება გავრცელებული.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით, ორი საათის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სებ-მა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.
ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" აქტივების მოცულობა 15,1 მილიარდ ლარზე მეტია. 2018 წელს ბანკის წმინდა მოგებამ 361,493,246 ლარი შეადგინა.