თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას,რომლის მიხედვითაც სებ-ი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს, სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს სებ-ი ხაზარაძისა და ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერებას 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო, რაც გასაჩივრებისას მათი ერთ-ერთი არგუმენტი იქნება.
„დღეს ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ იმ სამართლებრივ მიმართულებას, რომელიც ამ შემოწმებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია. ჩვენ სასამართლო პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, მათ შორის მოთხოვნილი გვქონდა გარკვეული ჯარიმების შეჩერება. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და მივიღებთ სამართლით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას“, - აღნიშნა კორძაძემ.
რაც შეეხება საჯარიმო სანქციას, რომლის მიხედვითაც გასული წლის ნოემბერში თიბისი ბანკი ტრანზაქციის გამო მილიონი ლარით არის დაჯარიმებული, კორძაძე აცხადებს, რომ მათ ამ სანქციის შეჩერება უკვე მოთხოვნილი აქვთ. „ეროვნულმა ბანკმა გამოსცა აქტები, რომლის ნაწილიც გასაჩივრებულია სასამართლოში და ნაწილიც ხვალ გასაჩივრდება“, - აღნიშნა კორძაძემ.
კითხვაზე: არ გქონიათ კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, რატომ მიიღო სებ-მა ეს გადაწყვეტილება 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო უფლებამოსილების შეჩერებაზე მაშინ, როდესაც სებ-ის მიერ ერთხელ უკვე იყო შემოწმებული? კორძაძემ განაცხადა: „ეს ჩემი ერთ-ერთი არგუმენტია, რომელსაც გამოვიყენებთ“.
„ცოტა გაუგებარია, რა თქმა უნდა, 11 წლის წინანდელ საკითხზე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და ეს მოტივიც იქნება ერთ-ერთი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისას“, - განაცხადა კორძაძემ.
ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.