ბიზნესომბუდსმენი - „თიბისი ბანკის“ აქციონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ შეკითხვებს გასცენ შესაბამისი პასუხები

„თიბისი ბანკის“ აქციონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ შეკითხვებს გასცენ შესაბამისი პასუხები, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს შეკითხვები, ბანკის ხელმძღვანელი პირების ბანკიდან განცალკევება გამართლებული ნაბიჯია.

„ბანკის აქციონერების მიმართ ბუნებრივია შეკითხვები შეიძლება არსებობდეს. ბუნებრივია ბანკის აქციონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება რომ ამ შეკითხვებს გასცენ შესაბამისი პასუხები.

როდესაც მიმდინარეობს პროცესი და ეს შეიძლება გრძელვადიან პერიოდში იქცეს უფრო მეტ დამაზიანებელ ფაქტორად, ასეთ შემთხვევაში განრიდება და განცალკევება ბანკის ხელმძღვანელი პირების და იმ პირების ვის მიმართაც არის შეკითხვები, შეიძლება იყოს გარკვეულწილად ახსნილი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

თავის მხრივ, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სებ-ი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს, სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან „თიბისი ბანკის“ წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
ვინ ფლობს „თიბისი ბანკს“
დავით სერგეენკო „თიბისი ბანკზე“ - მჯერა, პროცესი ისე წარიმართება, როდესაც საზოგადოებისათვის არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება