ერთთვიანი სიჩუმის შემდეგ "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის თავზე კვლავ დაიწყო შავმა ღრუბლებმა თავის მოყრა. "ცეცხლი" ამჯერად ეროვნულმა ბანკმა "გახსნა", რომელმაც მოითხოვა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვონ "თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი პოსტები.
ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან ხაზარაძეს ამის შესახებ პროკურატურამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაუგზავნა "პირადი შეტყობინება" იმ მედიასაშუალებით, რომელიც, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან არის დაკავშირებული. მოკლედ, შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა საინფორმაციო პორტალმა იანვრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ პროკურატურამ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო (სტატიაში ისეთი დეტალები იყო, რომ ბევრს პროკურატურის გამომძიებლის დაწერილი ეგონა).
მეორე დღეს, საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა ლამის სიტყვა სიტყვით გაიმეორა სტატია, ერთი ეპიზოდის გარდა - კერძოდ, სტატიაში ეწერა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკის მართვას ჩამოაშორეს, რაც მაშინ პროკურატურამ უარყო. ჩვენ 15 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ვივარაუდეთ, რომ პროკურატურა ხაზარაძეს აფრთხილებდა, თუ "ჭკვიანად არ მოიქცეოდა", სტატიის ეს ეპიზოდიც გაოფიციალურდებოდა.
"წინასწარმეტყველება" ერთი თვის შემდეგ ახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში "თიბისი ბანკის" გარშემო ატეხილი სკანდალის კულუარულად მოგვარება ვერ მოხერხდა, ანუ მხარეებმა საქმე "ვერ დაალაგეს". ამის მცდელობა რომ იქნებოდა, ამაში ეჭვიც არ გვეპარება, რადგან იანვრის დასაწყისის შემდეგ პროკურატურა-ეროვნული ბანკიც დადუმდნენ და "თიბისი ბანკიც".
მდგომარეობა რომ გამწვავდა, ამას მამუკა ხაზარაძის "ფეისბუკ" პოსტიც ადასტურებს. ფრთხილი და მოზომილი ბანკირი წერს: "ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას..."
პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რას ემსახურება პროკურატურა-ეროვნული ბანკის შეტევა "თიბისი ბანკზე" შესაძლოა, ისევ ხაზარაძის "ფეისბუკპოსტში" ვიპოვოთ: "დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან".
არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის ზემოხსენებული განცხადება არის ბოლო გაფრთხილება ხაზარაძისადმი, რომ "ჭკვიანად მოიქცეს".
ბოლო დღეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს გიორგი გახარია ხაზარაძეს "თიბისი ბანკის" წილების დათმობას სთხოვდა. (აღსანიშნავია, რომ გახარიამ განაცხადა, რომ მას მამუკა ხაზარაძესთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით არანაირი საუბარი არ ჰქონია).
საეჭვოა, დაინტერესებული ადამიანებისთვის მთავარი სამიზნე ბანკი იყოს, რადგან ის წვრილმანია ანაკლიასთან შედარებით, მაგრამ თუ ამ გავრცელებულ ხმებში არის სიმართლის მარცვალი, სავარაუდოდ, ესეც ზეწოლისთვის გაკეთდა დაახლოებით ამ სქემით: "თუ გინდა ბანკში დარჩე, უნდა დათმო ანაკლია".
ვერსიებით, "მესიჯებით" და მინიშნებებით საუბარი რომ დასრულდეს, ამისთვის საჭიროა, რომ "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მამუკა ხაზარაძემ უფრო კონკრეტულად ისაუბროს. საზოგადოება ამას ელოდება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი და დაასახელებს თუ არა კონკრეტულ გვარსახელებს. განაგრძეთ კითხვა