საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებით, „ივანიშვილს სურს დაეუფლოს „თიბისი ბანკს“ და ანაკლიის პორტს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თავიდან მოშორებით.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრისთვის ეროვნულ ბანკს იყენებს.
„ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანია დაეხმაროს სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ კომპანიებს, რათა მათ „თიბისი ბანკის“ და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა შეძლონ. არავინაა სულელი. მსოფლიოს მასშტაბით ყველა ხვდება თუ რა არის მისი საბოლოო მიზანი „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ხაზარაძის და ჯაფარიძის მოშორების მცდელობას. თუ ამ პირველ ეტაპს წარმატებით განახორციელებს, შემდგომში უნდა ველოდოთ ბანკის მენეჯმენტის შეცვლას. ჩანაცვლება მოხდება ისეთი მენეჯმენტით, რომელიც ივანიშვილის ბრძანებებს შეასრულებს. ეს შემაშფოთებელია, ვინაიდან ეს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს მოაქცევს დაკვირვების ქვეშ უცხოეთიდან და ეს საქართველოს თავისი რეპუტაციის ფასად დაუჯდება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია“, - განაცხადა ფადი ასლიმ.