ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ბანკები, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც თავად აღნიშნა, ის ენდობა ეროვნულ ბანკს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ბანკები. მე ვენდობი ეროვნული ბანკსა და მის კომპეტენციას,"- განაცხადა ელჩმა.
ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.