„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, რომელიც ერთ მილიონ ლარს შეადგენს, გადაიხდის. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბანკის ოფიციალურ გვერდსა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში საუბარია, რომ „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას წყვეტს.
„გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკი“ ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, „თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.
ამასთან, „თიბისი ბანკი“, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. „თიბისი ბანკის“ კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, მთელ თავის ენერგიას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნის. იქვე ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ დასცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.