თბილისში, მშრალი, ზაარბრიუკენის ხიდის, დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. როგორც ტენდერიდან ირკვევა ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით სამუშაოებს ამხანაგობა ,,დაგი-სიეს" განახორციელებს. მის გარდა ტენდერში მონაწილეობდა „მშრალი ხიდიც“, თუმცა, მის მიერ შეთავაზებული თანხა აღემატება „დაგი სიეს“-ის თანხას. კერძოდ, „მშრალი ხიდი“ სამუშაოების შესასრულებლად 9 799 997 ლარს; ხოლო ამხანაგობა ,,დაგი-სიეს" 9 679 520 ლარს ითხოვდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამარჯვებული სწორედ ეს უკანასკნელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 2018 წლის 26 ნოემბერს დასრულდება. ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 899 520 ლარი იყო.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა: 9 მარტის და დედაენის ბაღების დამაკავშირებელი გვირაბი; დედაენის ბაღში ჩასასვლელი კიბე; ღია თეატრი და ნახატების გამოსაფენი სტენდები 9 მარტის ბაღში; მშრალი ხიდის ზ. გამსახურდიას სანაპიროსთან დამაკავშირებელი კიბე. იგეგმება ასევე - ხიდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორის მოწესრიგება; მტკვირს მხარეს გამავალი 9 მარტის ბაღის ტროტუარის გაფართოვება და კეთილმოწყობა და 9 მარტის ბაღის ზ. გამსახურდიას სანაპიროზე გამავალი ნაწილის მოწესრიგება.
„9 მარტისა და დედაენის ბაღებს შორის გვირაბი გაიჭრება, რომელიც დააკავშირებს ბაღებს, როგორც ფიზიკურად, ასევე ვიზუალურად. ხიდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაეთმობა ძველმანებით და ანტიკვარიატით მოვაჭრებს. მოხდება სივრცის კეთილმოწყობა. გზის გაყოლებაზე დამონტაჟდება დახლი-სკამების 3 რიგი.
9 მარტის ბაღში მოეწყობა ღია თეატრი, რომლის ტერასებიც არსებული რელიეფის ფორმებს გაიმეორებს. ტერასებს გააერთიანებს ორი კიბე, რომლებიც აგრეთვე შეასრულებენ გაუქმებული კიბეების შემცვლელის როლს. 9 მარტის ბაღსა და მტკვარს შორის არსებული ტერიტორია მოწესრიგება და გარე ვაჭრობის დაეთმობა. მოეწყობა ბილიკები, რომლებიც ჩავლენ მტკვრის სანაპირომდე. მდინარის გაყოლებაზე მოეწყობა ფეხით სასიარულო, რომელიც გაივლის ჩუღურეთის ხიდის ქვეშ და ამოვა დედაენის ბაღში. დედა ენის ბაღის ბოლოში, ერთ მხარეს განთავსდება კაფეები, მეორე მხარე კი დაეთმობა მაკლერებს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.