თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი ხდება. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოამზადა.
კანონპროექტის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
ამასთან დასჯადი ხდება თბილისში მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება. აღნიშნულის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის მიხედვით, სანქციები წესდება ამტვერებადი მასალების დარღვევით ტრანსპორტირების დროსაც. კერძოდ, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარმდება 500 ლარით, იურიდიული პირი - 1000 ლარით.
ამასთან, პირს სანქცია დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვისას სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოვა და ქალაქში გადაადგილდება. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 500 ლარამდე, იურიდიული პირის კი 1000 ლარამდე იზრდება.
კანონპროექტის მიხედვით, 500 ლარით დაჯარიმდენა ფიზიკური პირი, თუ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეუფუთავ ან/და არასათანადოდ შეფუთულ ამტვერებად მასალას სამშენებლო მოედანზე ისე განათავსებს, რომ არ იქნება უზრუნველყოფილი აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თვიდან აცილება. იურიდიული პირი კი ასეთ დროს 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ამ ფაქტის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა ორმაგდება - ფიზიკური პირი 1000 ლარით, იურიდიული კი 4 000 ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი დაკიცრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, დაეკისრება საურავი. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”
კანონპროექტი თბილისის საკრებულოს 2019 წლის 1-ელ ივლისამდე ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის განსაზღვრას ავალდებულებს.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ამ კანონპროექტის მომზადების მიზანი თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი მასშტაბები გახდა. „განვითარებული ქვეყნების (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) პრაქტიკის შესწავლა ცხადჰყოფს, რომ ამტვერებადი მასალების გადაზიდვა, განთავსება, დამუშავება და რეალიზაცია საჭიროებს სპეციფიკური რეგულაციების დაწესებას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მტვერჩახშობა და ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილება. საკითხის დარეგულირების მიზნით, საჭიროა დადგნინდეს გარკვეული სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები, შესაბამისად ეს საჭიროებს კანონის მიღებას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მომავალ კვირას მოხდება.