მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს 2018 წლის გაზაფხულიდან იკავებს.
ცნობისთვის, მანამდე 2012 წლიდან ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, რა პერიოდშიც მისი ანაზღაურება განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. კერძოდ, კითხვებს იწვევდა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციის უფროსის შემოსავალი მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრის შემოსავალსაც კი აჭარბებდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა მაია ცქიტიშვილის ქონება, მინისტრად დანიშვნის შემდეგ.
2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მინისტრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ შეცვლილა. კერძოდ, ცქიტიშვილი კვლავ ფლობს: 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს; 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.
როგორც მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, მის საკუთრებაში აღარ არის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Pajero, რომელიც 2014 წელს ჩუქებით ჰქონდა მიღებული. თუმცა, დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული, გაყიდა ეს ავტომობილი თუ ვინმეს გადასცა საჩუქრის სახით. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის. დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე მას 303,13 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა, მაშინ როცა 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით ეს თანხა - 582,17 გირვანქა სტერლინგი იყო.
ცნობისთვის, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 30 მარტის პერიოდში ცქიტიშვილის შემოსავალმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე - 23 329,76 ლარი; გასული წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში მინისტრობისას კი - 79 877,38 ლარი შეადგინა.
ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის საკუთრებაში აღარ არის შპს „თბილისის კომერციული ქონების“ 75%-იანი წილი, რომელიც მაია ცქიტიშვილს მეუღლისთვის აქვს გადაცემული. მინისტრის გასავალმა გასულ წელს ქონების გადასახადის სახით, 3 499,19 ლარი შეადგინა.
ინფრასტრუქტურის მინისტრი მეუღლესთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ისევ ფლობს: „ლიბერთი ბანკისა“ და სს „ჯორჯიათრეიდის“ აქციებს, რომელიც შესაბამისად, 2008 და 2017 წლებში აქვს მიღებული. თუმცა, 2018 წელს მან კიდევ შეიძინა დამატებით სს “ჯორჯიათრეიდის“ აქციები. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ფასიანი ქაღალდები მინისტრის მეუღლემ ვალის სანაცვლოდ მიიღო.
დავით ხატიაშვილის მფლობელობაშია ასევე: შპს „ბილდინგ სოლუშენსის“ 100%-იანი, შპს „მიკროკლიმატის“ 75%-იანი; შპს „სავაჭრო ცენტრის“ ასევე -75%-იანი წილი და შპს „ბიკონსალტინგის“ 16.5%-იანი წილი. გარდა ამისა, ის არის შპს „ბილდინგ სოლუშენსის“ დირექტორი, რომლის საქმიანობითაც წინა წელს 4 ათასი ლარის შემოსავალი აქვს მიღებული და სს „ჯორჯიათრეიდის“ აქციონერი და ამავე დროს დირექტორი. მისმა წლიურმა შემოსავალმა ამ კომპანიაში დირექტორის პოსტზე 35 020 ლარი შეადგინა.