როდესაც საქმე ეხება „თიბისი ბანკს“, ეს ის საკითხია, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ „თიბისი“ სისტემური ბანკია. ის, რაც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ ხდება, მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მაკრო-ფინანსური სტაბილურობისთვის. რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ვინაიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს ინვესტორები და ინვესტორების არჩევანია. მათ უნდა ესმოდეთ არსებული ვითარება. პროცესი გასაგებად და გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.