„ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი ვართ, მაგრამ ჩვენ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“-ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში „თიბისის“ საქმეზე საკომიტეტო მოსმენის ჩაშლის შემდეგ განაცხადა.
„საქმე აღარ ეხება „თიბისის“ ან მამუკა ხაზარაძეს, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას. თუ თქვენ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიოს სააგენტოში თუ რა ინფორმაცია გადის საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრების აბსურდულ ბრალდებებთან.
ბოლო 1 თვეა თითქმის ყველა წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან მაქვს შეხვედრა და ეს არის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, უკვე არის კომენტარები, რომ საქართველო სხვა მიმართულებით მიდის. აი, ეს არის ძალიან ცუდი მოსასმენი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი ვართ, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ,“-აღნიშნა ხაზარაძემ.