ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გვჭირდება არანაირი ტრიბუნა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა.
„როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ მოწვევა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე. ეს მოწვევა იყო როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან. გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვერიდებოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გვჭირდება არანაირი ტრიბუნა. ჩვენ მოვედით, რათა გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება, ე.წ. ბოტებით და „ფეიქნიუსებით“ შემოტევა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ქართველ ხალხს და საზოგადოებას, დეპუტატებს მივაწვდიდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.