პირები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებას თვითდაზიანების ან სხვა გზით შეეცდებიან, დაჯარიმდებიან.
ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ კანონშემოქმედებით საქმიანობას შეეხება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა კანონით დადგენილი პირებისათვის სავალდებულოა. თუმცა, ხშირად ხდება აღნიშნული ვალდებულების მოხდისათვის თავის არიდება - სხეულის თვითდაზიანებით, ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარი მოტყუებით.
კანონპროექტით კი, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება.
ამასთან, როგორც გეგმაშია აღნიშნული, თავის არიდების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება მუნიციპალიტეტის მერს/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას კი რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს.