„თიბისის“ საქმეში კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა დასახელდა დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
ბრიფინგზე საუბრისას, პროკურორმა 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის გარდა, უკვე 2012 წელს მიმდინარე მოვლენებიც ახსენა, რომელშიც ბანკის ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის სახელიც იკვეთება.
„2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში - მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა სრულიად უსაფუძვლოდ გაეზარდათ ერთი წლით.
თუმცა, დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, “თიბისი ბანკმა“: აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია; საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა; არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა; არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.
ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს სამგორი თრეიდსა და სამგორი M-ზე გაცემულ სესხებს მიენიჭა უიმედო კლასიფიკაცია, ,,თიბისი ბანკი’’ განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას.
მეტიც, 2012 წელს, „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად:
,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა.
ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად ,,სამგორი M’’-ისა და ,,სამგორი თრეიდისა’’, აიღო ,,თიბისი ბანკისთვის’’ 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ წარმოეშვა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება. ამის პარალელურად ,,თიბისი ბანკმა“, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ, რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას. ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებულ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანიასთან მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 28 სექტემბერს,“-აღინიშნა პროკურატურაში „თიბისის“ საქმეზე გამართულ ბრიფინგზე.
საუბარია პაატა ღაძაძეზე, რომელიც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, მან 1-ლი იანვრიდან „თიბისი ბანკის“ ტოპ მენეჯმენტი დატოვა.
„თიბისი ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ღაძაძე საქმიანობას როგორც „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი ისე აგრძელებს. ცნობისთვის, პაატა ღაძაძე „თიბისი ბანკს“ 1994 წელს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე შემოურთდა და 1996 წელს დირექტორთა საბჭოს წევრად დაინიშნა. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა კი 1998 წლიდან უჭირავს.